ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა  2010 წელს სიახლეებით ხვდება


ბრიუსელში დასვენების დღეებია. ბელგიელები და ჩამოსული ტურისტები საშობაო ბაზრობებზე დასეირნობენ, სადაც ცხელი და არომატული ღვინოები და განთქმული ბელგიური ვაფლები იყიდება. ისინი მცირე ხნით, გრანდ პლაცზე ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, რატუშის წინ აღმართული უზარმაზარი საშობაო ნაძვის ხის წინ ჩერდებიან.

ეს ძველი ევროპული რიტუალები ევროპაში ძირეული ცვლილებების პერიოდში იმართება. პირველად ევროპის ისტორიაში, ევროპელებს ევროკავშირის მუდმივი პრეზიდენტი ჰყავთ. ის ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰერმან ვან რომპოია, რომელიც მოვალეობის შესრულებას პირველი იანვრიდან შეუდგება. ევროპელებს ასევე უკვე ჰყავთ ევროკავშირის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახალი კომისრები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოოდ ევროპულმა მთავრობებმა ლისაბონის ხელშეკრულების რატიოფიცირებაც მოახდინეს, რასაც მრავალი წელი და ვნებათაღელვა დასჭირდა.

ამ ცვლილებებს ყველაზე კარგად ბრიუსელში გრძნობენ. 27 წლის ანჯელო კალანტი, ფლამანდიელი ბელგიელია.იგი ამბობს, რომ მხარი დაუჭირა ლისაბონის ხელშეკრულებას და ამაყობს, რომ ევროკავშირის პირველი პრეზიდენტი ბელგიელია.

„მე ძლიერი ევროპის მომხრე ვარ. ასე რომ ეს კარგი ცვლილებებია. ევროპა ძალიან ბევრ საკითხში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენ ძლიერი ევროპა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და კიდევ უამრავი რამისთვის გვჭირდება."

თუმცა ევროკავშირის და ახალი ევროპული ცვლილებების მიმართ სკეპტიციზმიც არსებობს. ფრედერიკ მიშო, პარიზში სოციოლოგიურ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და თავის აპათეას ვერ მალავს.

მიშო ამბობს, რომ ევროპელებისთვის ევროკავშირი უბრალოდ უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანაა და ევროპელთა უმრავლესობას არც კი სმენია, რომ ევროკავშირის ახალი პრეზიდენტი ვან რომპოია და საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბრიტანელი ქეთრინ ეშტონი.

ევროპელი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ისინი საკმაოდ დიდი სამუშაოს ატარებენ, რათა ევროპელებმა უკეთ გაიგონ ევროკავშირის არსი. ევროპარლამენტის პარიზის ოფისმა საფრანგეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური ფორუმიც კი გახსნა ინტერნეტში, სადაც პარლამენტის საქმიანობის აღწერაა.

ევროპარლამენტის წარმომადგენელი დომინიკ რობერტი ამბობს:

„ მე ვფიქრობ, რომ ხალხი ჯერ ვერ აცნობიერებს, თუ როგორ არიან ისინი დაცულები ევროკავშირის პირობებში. მაგალითად მომხმარებლები. ასევე აღსანიშნავია გარემოს დაცვის საკითხები. თუკი ჩვენ ისევ გაგვაჩნია სოფლის მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენს ეკონიმიკაში, ეს საერთო აგრარული პოლიტიკის შედეგია. ასე რომ, უამრავი დადებითი საკითხია, რომელიც ევროკავშირის გარეშე ვერ იარსებებდა."


აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ევროპა ახალ 2010 წელს სიახლეებით ხვდება. ამას კი ყველა ევროპელი გრძნობს.



XS
SM
MD
LG