ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის მოსკოვური განცხადებები



აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 14 ოქტომბერს მოსკოვში, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ”არც ქართველებმა, არც სამხრეთელმა ოსებმა და არც აფხაზებმა გააკეთონ რაიმე პროვოკაციული”. ”ჩვენ ამას ვეუბნებით ქართველებს და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობამაც იგივე უთხრა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებს,” - განაცხადა მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. ”უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს კონფლიქტი. პრობლემები დიპლომატიურ პოლიტიკურ ჭრილში უნდა მოგვარდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული რაიმე შემდგომი სამხედრო ქმედება”. ”ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დამკვირვებლების და სამშვიდობოების მუდმივი ყოფნა, რათა არ იყოს საფუძველი ან შესაძლებლობა იმისთვის, რაც შემდგომ სისხლისღვრას გამოიწვევს,” - განაცხადა მან.

”არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო”, რომ რაკეტსაწინააღო თავდაცვის სისტემის ელემენტები საქართველოში განთავსდება, განაცხდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკოვ”-სთან ინტერვიუში 14 ოქტომბერს. მისი თქმით, სისტემის განთავსების ადგილმდებარეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული,”იდიალურ სიტუაციაში რისი გაკეთებაც გვსურს არის რომ ამ საკითხზე რუსეთთან ერთად ვითანამშრომლოთ,” - დასძინა მან.

კითხვაზე დააყენა თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 ოქტომბრის შეხვედრაზე აშშ-ს მიერ საქართველოს ”გადაიარაღების” საკითხი, კლინტონმა უპასუხა, რომ მათ ისაუბრეს საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას უთანხმოებები აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ”საქართველო შეიარაღებულ ძალებს აგზავნის ავღანეთში და ჩვენ ვწვრთნით ქართველ სამხედროებს, რათა მათ შეძლონ ავღანეთში წასვლა,” - განუცხადა კლინტონმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 13 ოქტომბერს მოსკოვში, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ განაგრძონ ”მუშაობა ყველა იმ დანარჩენ სფეროში, სადაც ჩვენ ვთანხმდებით”. ”ჩვენ კვლავაც გვექნება უთანხმოებები,” - განაცხადა მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ”მაგრამ ჩვენ ვთესავთ ამ უთანხმოებას თანამშრომლობის უფრო ფართო ველზე და ვამდიდრებთ იმ ნიადაგს რომელშიც ამ თანამშრომლობამ ფესვები უნდა გაიდგას,” - განაცხადა მან.


XS
SM
MD
LG