2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში სახელმწიფომ აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაასახლა. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. პირველი დასახლება - კოდა, თეთრიწყაროს რაიონი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დასახლებაში 447 ოჯახი, სულ 1351 ადამიანი ჩაასახლეს. დევნილთა დასახლებაში სულ თერთმეტი კორპუსი დგას. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ნაწილი ყოფილი ყაზარმაა, ზოგი კი - ყოფილი სასტუმრო. კოდაში ელექტრონერგია და ბუნებრივი აირი უწყვეტად აქვთ. ბინაში შესულებს წყლის გამაცხელებლებიც დაახვედრეს, თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ, დასახლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ წყალი წარმოადგენს. კოდაში ჩასახლებული დევნილების ყოველთვიური დახმარების პაკეტი ასე გამოიყურება: თითოეულ იძულებით გადაადგილებულ პირზე თვეში ცხრა კილოგრამი ფქვილი, ერთი ბოთლი ზეთი, ექვსასი გრამი შაქარი, ოთხკილონახევარი მაკარონი, კილონახევარი ლობიო და 50 გრამი მარილია განსაზღვრული. დევნილებს ფულადი დახმარება ორჯერ გადასცეს - 200 და 125 ლარის ოდენობით, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ბევრ მათგანს ბოლო 125 ლარი არც მიუღია. 2009 წლის იანვრიდან დევნილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს- ოჯახის უფროსზე 30 ლარი და ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარი. თუმცა,ერედვიდან დევნილი დარეჯან არბოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფულადი დახმარება ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მიიღეს. დასახლებაში ყოველ პარასკევს ე. წ მობილური ბიბლიოთეკა დადის, არასამთავრობო ორგანიზაციის - " დევნილთა გადაუდებელი დახმარების ცენტრი - აფხაზეთი "- ს პროგრამის ფარგლებში. ავტობუსით წიგნები და ჟურნალები ჩამოაქვთ, მსურველს შეუძლია გათბობით უზრუნველყოფილ ავტობუსში იკითხოს ან გამოიწეროს სასურველი ლიტერატურა შინ წასაღებად, ხოლო მომდევნო პარასკევს დააბრუნოს.
კოდაში ჩასახლებულ დევნილებს სახნავ -სათესი მიწები საცხოვრებელი ადგილიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით მისცეს. სიშორის გამო ზოგიერთი მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. კოდაში ჩასახლებული დევნილებს პრეზიდენტის პირადად ნახვა უნდათ. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თუ მათ სანახავად ჩავა, მისთვისაც მოულოდნელი იქნება იმის ნახვა, თუ რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება. ასე, გამოიყურება კოდაში მაცხოვრებელი დევნილების ყოფა. არანაკლებ და შესაძლებელია გაცილებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება კონფლიქტურ ზონაში, ცხინვალთან მოსაზღვრე სოფლებში დარჩენილ ადამიანებს, სადაც ისევ ისვრიან. ქვემო და ზემო ხვითი, ნოქოზი –ის სოფლებია, სადაც მოახლოვებული ზამთარი შესძლებელია მათთვის ყველაზე მძიმე იყოს, რადგან მოსავლის აღება ვერ ხერხდება. და მოსავალი, რომელსაც გლეხები ამუშავებდნენ, ახლა პრაქტიკულად ოსური მხარის ხელშია. სამწუხაროდ ზემო და ქვემო ხვითში ქართველ სამართალდამცავებსაც უჭირთ შესვლა და უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე სოფლის მაცხოვრებლებს ისინი აღარ უნახავთ. მოუსმინეთ სასაზღვრო სოფლებში მაცხოვრებელ გლეხებს. სამწუხაროდ ამ ადამიანების თბილისისკენ მიგრაციის პროცესი მოახლოვებული ზამთრის წინ ისევ გრძლედება, რადგან მათი ყოფა, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის ისევ გაუსაძლისია.