ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ალკოჰოლის მოხმარებითა და თამბაქოს მოწევით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იმატა


ახლახან გამოქვეყნებული გამოკველევების თანახმად ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი კვდება რუსეთში ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების გამო. ამ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მოსახლეობის 15-დან 54 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი გამოწვეული იყო ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარებით. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანია არდაიევა მოსკოვიდან იუწყება, ხსენებული სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ოფიციალურ პირთა შეშფოთებას იწვევს.

დღესდღეობით რუსეთში სიკვდილიანობა აღემატება შობადობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით რუსი მამაკაცის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 60 წლამდე შემცირდა. ამერიკის შეერთებული შტატებში კი ეს მაჩვენებელი 75 წელს უდრის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სტატისტიკური გამოკვეველბის მიხედვით რუსეთის მოსახლეობა ყოველ წელს ნახევარი პროცენტით კლებულობს.

გამოკვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში სათაურით ‘ლანცეტი,’ აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპასთან შედარებით რუსეთის მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განპირობებულია ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით.

მოსკოვში განალაგებული არასამთავრებო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის მკვლევარის ანდრეი დემინის თქმით:

“ეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კრიზისის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და იგი ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.”

დემინი აღნიშნავს, რომ საშუალო რუსი წელიწადში არყის 50 ბოთლს სვამს. დემინის აზრით მოხმარების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ იაფი ალკოჰოლი და თამბაქო ადვილად ხელმისაწვდომია რუსეთში.

მოსკოვში ჯიხურებში გამოტანილი სიგარეტის კოლოფის ფასი 30 ამერიკული ცენტია, ხოლო ლუდი დოლარზე ნაკლები, რაც წყალზე იაფია.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისი დაახასიათა პრობლემად, რომელიც ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

ანდრეი დემინი ადანაშაულებს რუსეთის პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს რადგან ამ უკანაკნელმა არ გაზარდა თამბაქოსა და ალკოჰოლზე დაწესებული გადასახადები. დემინი აღნიშნავს:

“როცა იგი პრეზიდენტი იყო, მან პირველმა გახადა ეს საკითხი პოლიტიკური განრიგის პრიორიტეტად. 2000 წელს მან განაცხადა, რომ დემოგრაფიული დაცემა წარმოადგენდა ქვეყნის უპირველეს პრობლემას. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა.”

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს ტატიანა გოლიკოვას მიაჩნია, რომ ალკოჰოლსა და თამბაქოზე გადასახადების გაზრდა თანდათანობით უნდა განხორციელდეს. იგი დასძენს:

“გადასახადების გაზრდა ასეთ მგრძნობიარე პროდუქტზე უნდა განხორციელდეს იმ შესაძლო სოციალური შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, და ამგვარი მატება ეტაპობრივად უნდა გატარდეს. ჩვენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას მოვითხოვთ, მაგრამ ერთბაშად ეს ვერ მოხდება.”

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საბჭოთა ლიდერის მიხაილ გორბაჩოვის პოპულარობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც მან 1980-იან წლებში შეზღუდვები დააწესა ალკოჰოლის მოხმარებაზე.

რუსეთის ახლანდელმა მთავრობამ შეზღუდვების სანაცვლოდ შემოიღო ჯანსაღი ცხოვრების წესის სარეკლამო კამპანია, რომელშიც ხელისუფლება მოუწოდებს რუსებს მიხედონ საკუთარ თავს და შეახსენებს მათ, რომ ალკოჰოლისა და თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება ადამიანის ჯანრმთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

XS
SM
MD
LG