ავღანეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აბდულა აბდულამ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდება წამოაყენა. ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულამ განაცხადა, რომ ზოგ საარჩევნო უბანში რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე ოთხჯერ მეტი საარჩევნო ბიულეტენი შეაგროვეს და ხელისუფლებას პრეზიდენტ კარზაის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. ჰამიდ კარზაის კამპანიის წარმმართველებმა კი ბრალდება უარყვეს და თავად აბდულას მომხრეებს დასდეს ბრალი გაყალბებაში. ავღანეთის საარჩევნო კომისია კი აცხადებს, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მიღებულია ორას ოცდახუთი საჩივარი. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ყველა საჩივარი უნდა განიხილონ. ჯერ-ჯერობით კი არჩევნებში გამარჯვებას ორივე კანდიდატი ჩემულობს.