ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენ. დირექტორი ეყოლება


დღეს 6 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების მიღების პროცესი დასრულდა. განცხადებები 10-მდე მსურველმა შეიტანა, მათ შორის ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გია ჭანტურიამ, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა, ზვიად ქორიძემ, ლალი მაროშკინამ და მარინა სალუქვაძემ. 7 და 8 მაისს, მეორე ტურში გასული კანდიდატები ბორდის წინაშე წარსდგებიან და 10 მაისს ახალი გენერალური დირექტორი გამოცხადდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს 3 ახალი წევრი შერჩეულია. რა ფუნქცია აქვს სამეთვალყურეო საბჭოს, როგორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე და რას შეიძლება ველოდეთ? მედია მკვლევარი ნინო დანელია მიმდინარე მოვლენებს აფასებს და საკუთარ პროგნოზს აკეთებს. ნინო დანელია –საზოგადოებრივ მაუწყებელს იმიტომ ქვია ასე, რომ საზოგადოება უნდა იღებდეს მონაწილოებას მის მართვაში, საბჭო უნდა იყოს საზოგადოებისგან დაკომპლექტებული. არხი არ უნდა იყოს პოლიტიკური ხაზის გამტარებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არხის გენერალური დირექტორი გახდება გია ჭანტურია, რადგან საბჭო დღეს ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და არა საზოგადოებრივ დაკვეთას. მე ვფიქრობ ზვიად ქორიძე არის იდეალური კანდიდატი, რადგან ის არის მედიის დიდი გულშემატკივარი და პროფესიონალი. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, ის არის პოლიტიკური სუბიექტი და მისთვის ძალიან რთული იქნება იმ გამოცდილების გვერდზე გადადება, რომელიც მან “ რუსთავი 2”- ის მართვის დროს მიიღო. ბორდის ნდობა ძალიან დაბალია, თუკი აქამდე იყო ორი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაკომპლექტებული ბორდი, დღეს ის მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ ღირებულებით მოსული ადამიანები, რომელნიც ვარდების რევოლუციის ავანგარდში იყვნენ, ჩვენ მათთან და რაც მთავარია მათგან გვექნებოდა სიტყვის თავისუფლება დასაცავი. დღეს ჩვენ ანუ საზოგადოებრივ არხს სჭირდება ნეიტრალური ადამიანი,მაღალ კომპეტენტური, პროფესიონალი კადრი. ზუსტად ერთ კვირაში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, რომელი პროფესიონალური კადრით შეივსება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური ადგილი.
XS
SM
MD
LG