ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს თურქი ექსპერტი შაბან ქარდაში მიმოიხილავს



ბატონი ქარდაში უტას შტატის უნივერსიტეტში ასწავლის და ვებგვერდ Insight Turkey-ს რედაქტორის მოადგილეა. მას ბევრი ანალიტიკური სტატია აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის ჯეიმსტაუნის ფონდის ცნობილ ყოველდღიურ ანალიტიკურ დაიჯესტში Eurasia Daily Monitor-ში.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი ახლახან ანკარაში ხელმოწერილ შეთანხმებას ნაბუქოს გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბატონმა ქარდაშმა აღნიშნა, რომ ნაბუქოს პროექტი თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტია. თუ ადრე თურქეთი გარკვეული მიზეზების გამო ფეხს ითრევდა და სამთავრობოთაშორისო შეთანხმების გაფორმებას დაბრკოლებებსაც უქმნიდა, აპრილის შუა რიცხვებში მისი პოზიცია მკვეთრად შეიცვალა. ანკარა აშკარა დათმობებზე წავიდა და სწორედ ამის შედეგი გახდა ის დოკუმენტი რომელსაც ორშაბათს მოაწერეს ხელი. ამდენად, თურქეთისთვის ნაბუქოს გაზსადენი ბევრი ფაქტორის გამო ძალზედ მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა თურქეთი ემხრობა დასავლეთის პოზიციას, რომ ენერგომატარებლებით მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაცია წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინდარს. ამასთანავე, თურქეთი ფინანსურადაა დაინტერესებული ნაბუქოს პროექტში ვინაიდან ეს გაზსადენი ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის და შედეგად შეიქმნება ბევრი სამუშაო ადგილი და საინვესტიციო შესაძლებლობა. გარდა ამისა ევროკავშირთან თანამშრომბლობა ენერგეტიკის სფეროში თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ მხედველობაში მივიღებთ ანკარის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

ბატონი ქარდაშის თქმით, თურქეთის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში ორ ძირითად პირობაზეა დამყარებული. პირველი - თურქეთმა უნდა შესძლოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მაშასადამე ანკარამ უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები ენერგომატარებლებთან დაკავშირებით მისი მზარდი ეკონომიკის ფონზე. მეორე პირობა ეს არის თურქეთის როლი ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაში. ამ მხრივ თურქეთმა საკუთარი სისუსტე უპირატესობად აქცია ვინაიდან “ცისფერი ნაკადისა” და ირანიდან და აზერბაიჯანიდან გაზსადენების მშენებლობამ ფაქტობრივად თურქეთი უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან ენერგეტიკულ ცენტრად გადააქცია. ზოგ შემთხვევაში თურქეთი ყიდულობს რუსული გაზის ჭარბ მოცულობას რათა მოგვიანებით გაყიდოს იგი ევროპულ ბაზარზე. ეს კი ზოგ ევროპულ ქვეყანას აღელვებს ვინაიდან თავდაპირველად თურქეთის მიმზიდველობა როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტისა სწორედ ის იყო რომ მასზე გავლით რუსეთზე დამოკიდებულება მცირდებოდა. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოსდა თურქული კომპანია ბოტასი შესაძლოა ახალ გაზპრომათ მოგვევლინოს. ამგვარად ევროპელებს სურთ რუსეთზე საკუთარი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი მზად არიან გახდნენ დამოკიდებულები თურქეთზე.

რაც შეეხება რუსეთის როლს თურქეთის ენერგეტიკისა და საგარეო ურთიერთობების სფეროებში, ბატონმა ქარდაშმა დასძინა, რომ რუსეთი თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთის გაზის მიწოდებამ თურქეთში, თუ ამჟამინდელ გამოანგარიშებას დავეყრდნობით, შესაძლოა 80 პროცენტს მიაღწიოს. ეს რასაკვირველია რუსეთს აძლევს ძალიან ძლიერი ზეგავლენის ბერკეტს თურქეთის რეგიონალურ პოლიტიკაზე და ამ ზეგავლენის დადასტურება გამოაშკარავდა გასულ წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. გარდა ამისა თურქეთი დამოკიდებულია რუსეთზე სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის გამო. თურქი ექსპორტიორებისთვის რუსეთი გასაღების უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის რომ სწორედ რუსეთთან ვაჭრობის შედეგად თურქეთს შეუძლია საკუთარი სავაჭრო დეფიციტის დაფარვა. ამგვარად რუსეთთან ვაჭრობაზე თურქეთში დამოკიდებულია ათასობით სამუშაო ადგილი და ამ გასაღების ბაზრის დაკარგვა ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით თურქეთის მთავრობისთვის თავზარდამცემი იქნებოდა.

ბოლოს ბატონმა ქარდაშმა განაცხადა:

“ამგვარად ეკონომიკური ურთიერთობების გამო თურქეთი რუსეთზეა დამოკიდებული და შედეგად პოლიტიკურ სფეროში თურქეთი ცდილობს დააბალანსოს რეგიონში დასავლეთის, ნატოსა და ევროკავშირის ინტერესები რუსეთის ინტერესებთან. მართალია წარსულში თურქეთი ტრადიციულად მხარს უჭერდა რეგიონის ინტეგრაციას დასავლეთის უშიშროების სტრუქტურებში, უკანასკნელ წლებში თურქეთი შეძლებისდაგვარად უპირატესობას ანიჭებს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვას. თურქეთს ადარდებს ის რომ რეგიონის დესტაბილიზაცია თავად მის უსაფრთხოებაზე იქონიებს უცილობლად გავლენას. ამდენად თურქეთს ამჟამად არ აწყობს დასავლეთის გავლენის გავრცელება რეგიონში ვინაიდან ეს რუსეთს გააღიზიანებს, რაც თავის მხრივ იმაზე მიანიშნებს რომ თურქეთი ანგარიშს უწევს რუსეთის ინტერესებს რეგიონში.”

XS
SM
MD
LG