ტრადიციულად წლევანდელი ფესტივალის აფიშაც არა ერთი ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ გვაუწყებს: ფლორა პურიმი და აირტო მორეირა, Naturally და რაღა თქმა უნდა მასეო პარკერი, რომელიც უდაოდ იქცევა ფესტივალის მთავარ ჰედლაინერად. ანუ კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" მორიგი საჩუქარი ჯაზის მოყვარულთათვის შედგა, უფრო სწორედ შედგება - 19-20 ივლისს კლუბ "ტარაბუაში". ამ საჩუქრის საუკეთესოდ შეფუთვის თანამონაწილეები კი ცხადია ფესტივალის სპონსორები და თანაორგანიზატორები არიან.
"შავი ზღვის ჯაზფესტივალი" არ არის მხოლოდ მუსიკის ამ კონკრეტული მიმდინარეობის მოყვარულთათვის ჩაფიქრებული და განხორციელებული კულტურული მოვლენა. მას მეორე, გაცილებით გლობალური მხარეც აქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტის, ტურისტული ბიზნესის განვითარების ნაწილი. ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძე. მისი თქმით სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად თურქეთიდან ჯაზის მოყვარულთა ჯგუფი ჩამოდის, ასევე ელიან ტურისტებს სხვა ახლო მდებარე ქვეყნებიდანაც. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც ხშირად საშვებულებო ვადებს სპეციალურად ფესტივალისთვის ცვლიან.
ერთი სიტყვით, ფესტივალი შედგა და მალე ალბათ ისეთივე დონის ტრადიციად იქცევა, როგორიც თბილისის ჯაზფესტივალია. სწორედ ამიტომაც მის ორგანიზებასა და დაფინანსებაში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესიც. წელს "შავი ზღვის ჯაზფესტივალის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანაორგანიზატორია საქართველო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ფესტივალს მძლავრ ფინასურ მხარდაჭერასაც უწევს.
ნიკოლოზ რურუა, საქართველო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი აცხადებს: "ბათუმის ჯაზფესტივალი არა მხოლოდ ჯაზის მოყვარულთათვისაა უდიდესი ზეიმი, არამედ ქვეყნის პოპულარიზაციისა და მსოფლიოსთვის გაცნობითვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უცხოელი მუსიკოსები, რომლებიც ჩამოდიან და რამდენიმე დღეს საქართველოში ატარებენ, ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება, მისი კარი ღიაა ხელოვნების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ხედავენ იმასაც, თუ რამდენად მაღალი გემოვნების მსმენელია საქართველოში. ცხადია, ამ შთაბეჭდილებებს ჩვენი სტუმრები თავიანთ კოლეგებსაც უზიარებენ და საქართველო მათთვისაც საინტერესო ხდება. ქვეყნის პოპულარიზაციის გარდა მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების როლი ქვეყნის ტურისტური ბიზნესის განვითარებაში. შარშან აჭარაში იმაზე მეტი დამსვენებელი იყო, ვიდრე შარშანწინ, წელს კი უფრო მეტს ელიან. მათ შორის, ცხადია, უცხოელი ტურისტებიც არიან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ბათუმის, ისევე როგორც თბილისი ჯაზ ფესტივალს, მძლავრი ხელშეწყობა სჭირდება და მის გამართვას ხელი არც ეკონომიკურმა კრიზისმა უნდა შეუშალოს და არც სხვა ნეგატიურმა მოვლენებმა."
ტურისტული სეზონი აჭარაში თითქმის უკვე დაწყებულია: შავი ზღვა, ბათუმის მზე და მასპინძელი აჭარლები ყველანაირად მზად არიან დამსვენებლებს საუკეთესო პირობები შეუქმნან. ამ უკანასკნელთათვის წლევანდელ ზაფხულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შარშან აგვისტოს ომის გამო ტურისტული სეზონი ვერ შედგა, არადა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საარსებო შემოსავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თუმცა ამ მხრივ წელს უფრო მეტი დამაიმედებელი ინფორმაციაა: აჭარის პლაჯები ნელ-ნელა ივსება ტურისტებით, მათ განსაკუთრებულ მოზღვავებას კი სწორედ "შავი ზღვის ჯაზფესტივალის" ჩატარების დღეებში ელიან.
წლევანდელი ტურისტული სეზონის გახსნა მართლაც ყველაზე გრანდიოზული იქნება, რადგან ჯაზფესტივალამდე გვაქვს პატივი ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტსაც ვუმასპინძლოთ. სახელწოდებით "მე მჯერა სიყვარულის". მელუა, ჯერ თბილისში ოპერის თეატრში გამართავს კონცერტს და შემდეგ, 15 ივლისს ბათუმში, მის მშობლიურ ქალაქში ღია ცის ქვეშ.