ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიკ ჩეინი ბარაკ ობამას პოლიტიკას აკრიტიკებს


შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ახლა ამერიკის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში არსებული გამოძიების მეთოდების კრიტიკის გამო. ბატონი ჩეინი ამჟამად პრეზიდენტ ობამას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კრიტიკოსის რანგში მოგვევლინა. არადა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში დიკ ჩეინი თავს არიდებდა მედიაში საჯარო გამოსვლებს და ძირითადად ჩრდილში იდგა. ახლა კი ბუშის ადმინისტრაციის დროს გამოძიების მეთოდების კრიტიკასთან დაკავშირებით ბატონი ჩეინიც ალაპარაკდა:“ თუ მე ხმას არ ამოვიღებ და არაფერს ვიტყვი რა გამოვა? ჩვენი ოპონენტების ცალმხრივ კრიტიკას ვიღაცამ ხომ უნდა გასცეს პასუხი? ვინმემ ხომ უნდა თქვას სიმართლე?“ განაცხადა დიკ ჩეინიმ სი-ბი-ესის ტელეკომპანიის პოპულარულ გადაცემაში საუბრისას. ბუშის ადმინისტრაციის ოპონენტები გამოძიების ამ მეთოდებს პირდაპირ წამებას უწოდებენ. მაგრამ ბატონი ჩეინი თვლის რომ ადამიანის წყალში დახრჩობის სიმულაცია მისაღები იყო ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების დროს, რადგან ამ მეთოდით დაზვერვამ უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა. დიკ ჩეინი ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება შეწყვიტოს გამოძიების აღნიშნული მეთოდის გამოყენების პრაქტიკა და კუბაში გვანტანამოს სამხედრო ბაზაზე არსებული სატუსაღო დახუროს მნიშვნელოვნად დააზარალებს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას. თავის მხრივ დემოკრატი სენატორი დელავერის შტატიდან ტედ კაუფმანი მიიჩნევს რომ:“ გამოძიების აღნიშნული ტექნიკა კონტრპროდუქტიული იყო გარკვეული წარმატებების მიუხედავად ეს წამება იმდენად მტკივნეული იყო რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.“ თუმცა რესპუბლიკელების ნაწილი მიიჩნევს რომ დიკ ჩეინი ამჟამად ვაჟკაცურად იქცევა როდესაც ბუშის ადმინისტრაციის პოზიციებს იცავს. თანაც ბევრ რესპუბლიკელს არ სურს ასეთ არაპოპულარულ თემაზე საუბარი და ურჩევნია რომ ეს ყოფილი ხელისუფლების ისედაც სახელგატეხილმა ჩინოვნიკებმა გააკეთონ. როგორც რონალდ რეიგანის ყოფილი თანაგუნდელი სკოტ ფოლკნერი ამბობს დიკ ჩეინის ამჟამინდელი პოზიცია მისთვის სრულიადაც არ არის გასაკვირი:“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გააქტიურება იმით აიხსნება რომ ბატონი ჩეინი უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ბუშის ადმინსიტრაციის აქტიური წევრი იყო და პირადად არის დაინტერესებული იმაში თუ როგორ შევლენ ის და მისი თანამებრძოლები ისტორიაში.“ რაც შეეხება თავად დიკ ჩეინის ის მიესალმება რესპუბლიკურ პარტიაში ზომიერი პოლიტიკოსების მოსვლას ოღონდ წინააღმდეგია პარტიის მემარცხენე პოზიციებისკენ გადახრის მნიშვნელოვნად მიიჩნევს რესპუბლიკური ღირებულებების დაცვას.


XS
SM
MD
LG