ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა მუსლიმანური სამყაროს სამაგალითოდ ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავონ. ანკარაში მყოფი ბატონი ობამა თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გულთან ერთად გამოვიდა პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, ქვეყნებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ირანის და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ასევე მან განაცხადა, რომ ამერიკა კვლავაც უჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში მიღებას. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მისი აზრით, იმის განსაზღვრა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე განხორციელებული სომეხთა ჟლეტა წარმოადგენდა თუ არა გენოციდს, მისი სიტყვებით, "ანკარასა და ერევანს შორის მიმდინარე ნაყოფიერ მოლაპარაკებებს უნდა მივანდოთ".