ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ანაბეჭდი” 3 წლისაა


3 წლის წინ ქართულ ბეჭდურ მედიას კიდევ ერთი ახალი ჟურნალი შეემატა. მის სახელწოდებაზე მისი შემქმნელები ბევრს ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში ჩამოთვლილ ვერსიებს შორის “ანაბეჭდმა” გაიმარჯვა. “რატომ ანაბეჭდი?” – წერს 3 წლის წინ პირველად გამოსულ ნომერში, რედაქტორის სვეტში ნინო დარასელი: “პირველი – იმიტომ რომ ქართულია. მეორე – თავისთავად სიტყვა ანაბეჭდი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულების ქაღალდზე გადმოტანას ნიშნავს. ჩვენ გამოსახულებაც გადმოგვაქვს და აზრიც. მოკლედ, ეს ჟურნალი ჩვენი აზროვნების ანაბეჭდია. გვინდა, რომ მოგეწონოთ. ყოველშემთხვევაში, ძალიან ვეცადეთ. ვეცადეთ თქვენთვის!” – ციტატის დასასრული. ამის შემდეგ უკვე 3 წელიწადია ჟურნალი ანაბეჭდი გამოდის და გასულ კვირას, სწორედ 3 წლის დაბადების დღე კოსტიუმირებული წვეულებით აღნიშნეს კლუბ “სტამბაში”. წვეულებაზე მოხვედრას, ჟურნალის ნებისმიერი მკითხველი ცდილობდა, მაგრამ ბუნებრივია კლუბი “სტამბა” ყველა მათგანს ვერ დაიტევდა. ამიტომ დაბადების დღეზე ჟურნალის თანამშრომლები, მათი სტუმრები, ყველაზე ერთგული მკითხველები და გულშემატკივრები მოხვდნენ.

-ჟურნალის მისამართით ყველაზე ხშირად ამ სახის პრეტენზია ისმის: ის მეტად ეკლექტურია და არ მუშაობს ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, არ აკმაყოფილებს ერთი სეგმენტის ინტერესს. ის ახალგაზრდისთვისაც არის, შუა ხნის ადამიანისთვისაც და ხანდაზმულისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში მართლა ყველა ასაკის ადამიანმა შეიძლება იპოვნოს მისთვის საინტერესო მასალა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა თაობაში ის ყველაზე მეტად არის პოპულარული. “ანაბეჭდის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნინო დარასელი აცხადებს, რომ მისი მიზანია, ქართული ჟურნალ გაზეთების ალტერნატივა შექმნას, რომელიც ყველასგან განსხვავებული ფორმისა და შინაარსის იქნება. ამიტომაც არის, რომ “ანაბეჭდში” იშვიათად თუ გადააწყდებით იმ გვარებს, რომელნიც სხვაგანაც უხვად იბეჭდებიან, “ანაბეჭდი” პრიორიტეტს უცნობ სახელებს, ავტორებს აძლევს. ასევეა, ფოტო პროექტებში, რომლითაც ჟურნალი ყოველთვის დახუნძლულია. ამ ფოტო პროექტებში არ არიან ცნობილი მოდელები და მათი სახეები, ანაბეჭდელები ლამაზ თუ საინტერესო გარეგნობის გოგონებსა და ბიჭებს ქუჩაში, სკოლებში და ქალაქის მთელი მაშტაბით ეძებენ. თუმცა გამონაკლისებიც არის, მაგალითად ერთ-ერთ პირველ ნომერში, მაშინ როდესაც მუსიკოსმა ირაკლი ჩარკვიანმა ახალი სახელი დაირქვა, ჟურნალმა სასწრაფოდ მისი ახალი იმიჯის ვიზუალიზაცია სცადა და მუსიკოსს, მეუღლესთან ერთად ფოტო პორექტი მიუძღვნა. ქეთათო ჩარკვიანი იხსენებს:

ქეთათო ჩარკვიანიიდეა ის იყო, რომ მაშინ ირაკლის ახალი არტ ნეიმი ქონდა, რაც ახალი იყო და საზოგადოებაში ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ქონდა. ამას დაემთხვა “ანაბეჭდის” ფოტო პროექტი, სადაც ირაკლი მეფის როლშია. ფასეულობები იქმნება ასე, ბევრი ადამიანები ქმნიან, მაგრამ მათი კონცენტრაცია ხდება “ანაბეჭდში”. მე მართლა მინდა მივულოცო ნინო დარასელს და ვუთხრა, რომ ის თავის ანაბეჭდს ნამდვილად დატოვებს.

- ჟურნალი “ანაბეჭდი” მთლიანად არაპოლიტიკურია, ძალიან იშვიათად არის სოციალური თუ საზოგადოებრივი თემები, მისი მთავარი მიმართულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ თანამედროვე ხელოვნება და მისი განვითარებაა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ჟურნალმა ჩათვალა, რომ მისი სიტყვა უნდა თქვას. ცოტა ხნის წინ, ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, კერძოდ კი სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, გამოვიდა ცარიელი ანაბეჭდი, შავი ყდითა და 100 ცალი ცარიელი ფურცლით, რომელსაც ზემოდან ეწერა, “საგანგებო გამოცემა” და იქვე ქვევით: ბლოცკედ ნოტეს, ეს იყო პროტესტი ან კი უბრალოდ ადეკვატური რეაქცია, ყოველივე იმის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ნინო დარასელი მოგვახსენებს:

ნინო დარასელი – რაც ჩვენ ვწერეთ და ვიკითხეთ, ყველაზე უფრო რეზონანსული მაინც ეს შავი ნომერი აღმოჩნდა, 100 ცალი ცარიელი ფურცლით. მერე ასეთი შენიშვნაც მივიღეთ, პროტესტს რატომ ყიდითო.

- “ანაბეჭდის” პროტესტი ნოემბრის შუა რცხვებში სიმბოლურ ფასად გაიყიდა, მაგრამ, ყველაზე დიდი ეფექტი, ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ ამ შავმა ნომერმა გამოიწვია, რომელიც საკუთარ პროტესტს თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალიზმით გამოხატავდა.

XS
SM
MD
LG