ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთში ომის დაწყების მიზეზები და შედეგები


1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ფორმირებებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთეს და გზებისა სარკინიგზო კომუნიკაციების დაცვის მიზნით მის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ოპერაცია, თუ მაშინდელ სახელმწიფოს მეთაურს დავუჯერებთ, წინასწარ იყო შეთანხმებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. კერძოდ ვლადისლავ არძინბასთან. მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და აღნიშნული ოპერაცია სამეგრელოში მოქმედ ზვიადისტთა პარიზანული შენაერთების წინააღმდეგაც იყო მიმართული, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე და მისი თანაშემწეები.

მიუხედავად იმისა რომ ოპერაცია წინასწარ იყო შეთანხმებული აფხაზებმა საქართველოს სამხედრო ფორმირებებს ოჩამჩირის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის წყალობით საერთაშორისო ასპარეზზე დღემდე ქართულ- აფხაზურ კონფლიქტად არის მონათლული.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომით დაუძლურებულ საქართველოს ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები ომობდენ, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან შეკრებილ გამოუცდელ მოქალაქეთა ლაშქარს გრუს ბაზებზე გაწვრთნილი კბილებამდე შეიარაღებული კონფედერატები უპირისპირდებოდნენ შამილ ბასაევის ჩეჩნების მეთაურობით, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოწინააღმდეგის აგენტურისგან შედგებოდა, მიხედავად იმისა რომ უიარაღო ქართველ მოხალისეებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო მანქანა უპირისპირდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში არ არსებობდა ომის სტრატეგია და მიდიოდა დაუფარავი ანტი საომარი პროპაგანდა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობა ყოფილი ცეკას მდივანის, ყოფილი ქურდის და ყოფილი მხატვრისგან შედგებოდა, რომლის ნახატი თვალით არავის უნახავს, მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთში მებრძოლი ჯარის წინააღმდეგ სამეგრელოში გახსნილი იყო მეორე ფრონტი, არ არსებობდა ზურგი და ამ რეგიონის მოსახლეობა სამოქალაქო ომის საშინელებათა გამო საკუთარ შეიარაღებულ ძალების მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული, მიხედავად იმისა რომ ყველგან საყოველთაო ღალატის ატმოსფერო სუფევდა და მეხუთე კოლონა ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში იყო მოკალათებული, 1993 წლის 27 ივლისამდე მტერმა მაინც ვერ მოახერხა ქართველი მეომრების წინააღმდეგობის გატეხვა, რომლებმაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დამარცხება აგემეს მოწინააღმდგეს. მტრის მხრიდან გამოჩენილი მუხანათობის, ვერაგობის და არაკაცობის არაერთი მაგალითის მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმებების უსირცხვილო დარღვევის შედეგად დაკარგული ტერიტორიების და უამრავი მსხვერპლის არსებობის გამოცდილების ფონზე შევარდნაძის რეჟიმმა 1993 წლის 27 ივლისს საქართველოს თავს მოახვია კაპიტულანტური ხელშეკრულება, რომელიც საქრთველოს მოხალისეთა ლაშქრის განიარაღებას ისახავდა მიზნად. მხოლოდ შევარდნაძის რეჟიმის მიერ ხალხის განიარაღების შემდეგ შესძლო მტერმა სოხუმის აღება და აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოციდის მოწყობა.

მიუხედავად იმისა რომ რუსების წაქეზებით აფხაზმა სეპარატისტებმა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, მიყხედავად იმისა რომ აფხაზემა სეპარატისტებმა უმოწყალოდ დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მიუხედავად იმისა რომ მტერმა არ დაინდო ქართული ეროვნების არც ბავშვი, არც ქალი, არც მოხუცი და თანამედროვე ეპოქაში ევროპაში სრებრენიცას ტრაგედიის შემდეგ ყველაზე უფრო მასობრივი სასაკლაო მოაწყო, მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ომის დანაშაულებების არაერთი დამადასტურებელი მასალა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან გამოყარეს 300 000 ქართველი, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ დაუყენებია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულში მონაწილე აფხაზი და რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა რომ გაგრის და სოხუმის დაკარგვაში ღალატის დამამტკიცებელი ფაქტები თავსაყრელად მოიპოვებოდა საქართველოს სამხედრო პროკურატურაში, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ უმაღლესი თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო დაიღუპა ათასობით ადამიანი და დაიკარგა ძირძველი ქართული მიწა-წყალი, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დღემდე არ დაუწყია ამ საქმეების გამოძიება, დღემდე არ მოუთხოვია პასუხი საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატისათვის იმ ნაძირალებისათვის, რომლებიც რატომღაც ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობენ და აგრძელებენ ფუფუნებაში ცხოვრებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სამაგიეროდ, თუ დაჭირდათ ხალხს სხვადასხვა მიზეზით საკუთარი ბინებიდან ყრიან და ვითომ კანონიერების დაცვის საბაბით ჭერს თავზე ანგრევენ. თუ დაჭირდათ 14 წლის ქართველ ბავშვებს წვრილმანი ხულიგნობისათვის 7 წლის ციხეს უსჯიან და ქართველთა გენოციდის ორგანიზატორებს კი საერთაშორისო ორგანიზაციებში უმართავენ შეხვედრებს. გაუგებარია რითი განსხვავდებიან არძინბა, ბაღაბში და შანბა ბინ ლადენის და მისი მომხრეებისაგან, თუ ამ უკანასკნელის იდეოლოგიური ხელმძღვანელობით 3 ათასამდე ამერიკელი დაიღუპა, აფხაზი სეპარატისტების ლიდერთა ხელით კი რუსებმა 13 000 ქართველი ამოხოცეს !? იქნებ ვინმეს გონია, რომ ქართველთა სისხლი სისხლი არ არის!

თუ ბოსნიელ სერბთა ლიდერები რადკო მლადიჩი და რადოვან კარაჯიჩი ომის დამნაშავეები არიან და იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა საპატიმროში დალია სული, რატომ არ არის დღემდე სისხლის სამართლის საქმე აღძრული ქართველთა სისხლში ხელებგასვრილი აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ.

15 წელი გავიდა აფხაზეთში რუსეთთან ომის დაწყებიდან, შევარდნაძის დამხობის შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიზნით, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია კაპიტულანტური სულისკვეთება, სადაც ვიღაც მატრაბაზები არ არსებული აფხაზი ძმებისთვის ბოდიშის მოსახდელად იქაჩებიან.

შევარდნაძის დროს იყო ერთი თავდაცვის მინისტრი სახელად ვარდიკო, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნების რესტორანის პოლიტიკა ჰქონდა და 24 საათი რუს გენერლებთან ერთად ქეიფობდა რესტორნებში საკუთარი ჯანმრთელობისათვის საზიანოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რუსმა გენერლებმა რესტორანშიც კარგად იქეიფეს, შევარდნაძის ხელისუფლებისგან საჩუქრად ძვირადღირებული მანქანებიც დაირტყეს, მაგრამ ვარდიკო და მისი ბედკრული სამშობლო რატომღაც არ გახსენებიათ.

დღევანდელ საქართველოში, სადაც სტუდენტების მიერ ერთმანეთისთვის სახეში ფურთხება სამხატვრო აკადემიის რექტორის მიერ პერფორმანსად არის მონათლული და სადაც ფლეიბოის ფორცლებზე გაშიშვლება გმირობად ფასდება, არც ისაა გამორიცხული დისკოთეკაზე მანჭვა გრეხის წყალობით ვინმეს დაკარგული მიწების დაბრუნების იმედი ჰქონდეს. მე კი რატომღაც მგონია, რომ საკუთარი სამშობლოს დაცვა მხოლოდ ღირსეულ ხალხს შეუძლია.

XS
SM
MD
LG