ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ფილმი ნარკომანიაზე


რამდენიმე ხნის წინ კინოთეატრ “ამირანში” ახალი მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა, რომლის სახელწოდებაც არის “სუბორდინაცია”, ფილმის რეჟისორი კი არჩილ ქავთარაძე გახლავთ. მას შემდეგ ფილმი “ამირანის” ერთ-ერთ დარბაზში გადის და მასზე დასწრების აქტივობამ ყველა ქართულ ფილმს გადააჭარბა. ეს არის დოკუმენტურ სტილში შესრულებული ფილმი, ნარკომანიის და ნარკომანების შესახებ. რამდენიმე ბიჭის ცხოვრება, რომელიც ფილმის ფინალურ ნაწილში ფატალური შედეგებით სრულდება. მაყურებელი ბევრს კამათობს, მხატვრული თვალსაზრისით არის თუ არა ეს ახალი ქართული ფილმი საინტერესო, მაგრამ თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი ნამდვილად გამოდგება ნარკომანიის ანტიპროპაგანდისტული კამპანიისთვის. ამას ხელი კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო. პრემიერის შემდეგ ერთ-ერთი ტელეკომპანიის თოქ-შოუზე ფილმის შემქმნელებმა, რეჟისორმა, პროდიუსერმა, მსახიობებმა ერთხმად აღიარეს, რომ თავად გახლდნენ ამ სენით დაავადებულნი და ახალგაზრდა თაობას საჯაროდ მოუწოდეს, რომ არასდროს გაესინჯათ ნარკოტიკი. ერთი სიტყვით, ალეკო ცაბაძის მიერ გადაღებული ფილმის “ლაქა” მას შემდეგ ტრადიცია უკანასკნელ წლებში გრძელდება და ფილმები ნარკომანიაზე სისტემატიურად კეთდება. პროფესიით მსახიობი გიორგი გურგულია, უახლოეს მომავალში იწყებს ფილმის გადაღებას, რომელიც ასევე ნარკომანიის თემას ეხება. ასე, რომ ნარკომანიაზე კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა აგრძელებენ საუბარს.

გიორგი გურგულია – მე ძალიან მიხარია, რომ უკანასკნელ დროს ამ პრობლემაზე ხალხმა თამამად დაიწყო საუბარი. არადა ეს პრობლემა ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან არსებობს. როგორც აღმოჩნდა დღეს 300 ათასი ნარკომანი გვყავს და იმიტომ, რომ ჩვენ ამ პრობლემას ვმალავდით.

- როგორი იქნება გიორგი გურგულიას ფილმი და რა იქნება ამ ფილმში განსხვავებული, იმისგან განსხვავებული რაც დღეს კეთდება.

გიორგი გურგულია – ეს იქნება ძალიან სასაცილო ისტორიებით, რომელიც მე მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან მოვაგროვე. ფილმში 80 პროცენტი იქნება ნამდვილი ისტორიები. ვფიქრობ სწორედ ამიტომ იქნება ფილმი საინტერესო, სავსე საინტერესო სიუჟეტებით.

- ფილმები ნარკომანიაზე იქმნება, მაგრამ ნარკომანთა რიცხვი საქართველოში 300 ათასს აღწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ანტინარკოტიკულ ხასიათს ატარებს, ნარკომანების რიცხვს შეამცირებს.

XS
SM
MD
LG