ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს რელიგიურ შეურიგებლობასთან, უხეშ ექსტრემიზმთან, ნარკოტიკების მზარდ ვაჭრობასა და ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლას.

მაგრამ, მისი განცხადებით, ავღანეთი გადალახავს ამ სირთულეებს და საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ქვეყნების ძლიერ მოკავშირედ დამკვიდრდება. ბატონმა კარზაიმ ამერიკის ხმას განუცხადა, რომ 2001 წელს, თალიბების რეჟიმის დამხობა ავღანელი ქალების გამარჯვება იყო.

“ავღანელი ქალები საზოგადოებასა და პოლიტიკაში კანონიერი უფლებების დამყარებას ელტვოდნენ. დღესდღეობით, ისინი პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, ისევე როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ საშუალება გვქონდა სოფლებში მათთვის ჯანმრთელობის უკეთესი მომსახურება შეგვეთავაზებინა. ჩვილების სიკვდილიანობა ყოველ ათას ჩვილზე 165 -დან 135-მდე დაეცა. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 40, 000 -ით მეტ ბავშვს სიცოცხლის შანსს ვაძლევთ.”

ავღანეთის პარლამენტში 91 ქალი მოღვაწეობს. მათ შორის არის ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი მალალაი ჯოა. იგი, პარლამენტის ქვედა პალატიდან დაითხოვეს კიდეც, მას შემდეგ რაც მან კრიტიკული კომენტარები გააკეთა კოლეგების მიმართ. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პირველი გუბერნატორი ქალი დანიშნა ერთერთი რეგიონის გამგებლად. ასეთ პროგრესს კი თალიბები და სხვა მუსლიმი ექსტრემისტები ებრძვიან.

ბატონი კარზაი აცხადებს, რომ ისინი ისლამის რელიგიას არ წარმოადგენენ: “ ისლამის დიდება მის შემრიგებლურ მოძღვრებაშია, მშვიდობის, სიყვარულისა და კეთილდღეობის გავრცელების სურვილში. ის ვინც ისლამის სახელით კლავს, ან ის ვინც ისლამის სახელით დანაშაულს ჩადის, ამ რელიგიის მტერია”.

აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხო, დემოკრატიულ და წარმატებულ ავღანეთს უჭერს მხარს. “ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ავღანეთში მარტო სამხედრო მოქმედება როდი კმარა. ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც ავღანეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შექმნის და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს კი ახალგაზრდა დემოკრატიას გადარჩენისა და წარმატების საშუალებას მისცემს.” წარმატება ავღანეთში, პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ამერიკისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG