ამერიკის საგანგებო ელჩი სუდანში, ენდრიუ ნაციოსი დარფურის მოსახლეობის მდგომარეობას სავალალოდ აფასებს. აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ამერიკა მის მეგობრებთან და მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა ერთიანი გეგმის შემუშავება მოხდეს სუდანში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
“ ამ გეგმით ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმის აუცილებლობას, რომ დარფურში ეფექტური და საიმედო საერთაშორისო ძალების დისლოცირება მოხდეს. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას ადამიანის უფლებების დასაცავად.”
2003 წელს დარფურში არეულობა მაშინ დაიწყო, როცა მეამბოხეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარფურის რაიონს სუდანის მთავრობა იზოლაციაში აქცევს. ამის შემდეგ, მეამბოხეებმა სამთავრობო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. საპასუხოდ, სუდანის მთავრობის შეიარაღებული სპეცრაზმი თავს დაესხა არა მხოლოდ მეამბოხეებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც. ჯანჯავედის არმიამ მამაკაცები მოჰკლა, ბავშვებს ცემით ამოხადა სული, ქალები კი გააუპატიურა. მათ ასევე საცხოვრებელი სახლები და ფერმები გადაწვეს, და მოწამლეს ჭები.
დარფურში, ომის, შიმშილისა და დაავადებისგან ორასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორ მილიონამდე ახლა ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს დარფურში, ან მეზობელი ჩადის ტერიტორიაზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2004 წლის აპრილში იქნა მიღწეული, თუმცა მისი პირობები ორივე მხარემ დაარღვია. აფრიკული კავშირის შვიდ ათასიანი ძალები დარფურში უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობენ.
აგვისტოში, გაეროს გენერალურმა მდივანმა აფრიკული კავშირის ძალების გაეროს მისიად გარდაქმნის შესახებ შეიტანა წინადადება, რომლის შემადგენლობა 20 ათსამდე გაიზრდებოდა. თუმცა, სუდანის მთავრობამ უარი განაცხადა გაეროს ეს ძალა დაეშვა დარფურში.
პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ამერიკა და სხვა ქვეყნები თავს ვალდებულად თვლიან დარფურში არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად იღვაწონ. პრეზიდენტი აცხადებს:
“ სუდანის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ მათ მოთხოვნას კონფლიქტში ჩავერთოთ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად პრობლემის დასაძლევად ვიმუშავოთ.”
დარფურში არსებული სიტუაცია ჩვენი საფიქრალი მუდამ არის- აგრძელებს პრეზიდენტი. ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი გაჭირვება ნახეს უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა მათ მხარში ამოუდგება პრობლემის დასაძლევად. ამბობს პრეზიდენტი.