ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “შემოდგომის ბაღები”


რამდენიმე ხნის წინ თბილისში გაიმართა ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ფილმის “შემოდგომის ბაღების” პრემიერა. ამ ფილმის ჩვენება რამდენიმე დღის წინ, გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად მოსკოვშიც კი მოეწყო.

ფილმის ირგვლივ სხვადასხვაგვარი მოსაზრებები ისმოდა, ფილმის ოფიციალური სინოფსისი ამგვარია: “ვენსანი, ფილმის მთავარი გმირი გავლენიანი მინისტრი იყო, არც თუ ცუდი შესახედავი, კარგი მსმელი და მეპატრონე, რომელსაც ლამაზი საყვარელი ჰყავდა. როგორც კი სამსახური დაკარგა, საყვარელმა მიატოვა. ვენსანი ახალ ცხოვრებას იწყებს. თანდათან ის ახალ ნაცნობ, მაგრამ მივიწყებულ შესაძლებლობებს აგნებს და თავიდან იწყებს ყველაფრის და ყველას შეცნობას...” აი, ასეთია ფილმის მოკლე შინაარსი, რომელიც მთლიანად გმირის მინისტრობის შემდგომ პერიოდს აღწერს.

დღევანდელ გადაცემაში ოთარ იოსელიანის შესახებ, კინომცოდნე ნინო მხეიძე და კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი საუბრობენ. როგორია მათი შეფასება, ნინო მხეიძე მოგვახსენებს:

ნინო მხეიძე _ რას აკეთებს ყოველწლიურად ოთარ იოსელიანი? აკეთებს ერთ დიდ კინოს, რომელიც კინოდან კინოში გადადის, მაგრამ მეორდება. ვინც არ იცის მისი ფილმები, მისთვის ყველა ახალი ნამუშევარი, იქნება შეხვედრა ნამდვილ კინოსთან. მაგრამ ფილმიდან ფილმში ერთი ამბავი რჩება. ამბავი იმის შესახებ, რომ გმირი თანამედროვე გარემოში ცუდად გრძნობს თავს და ეძებს გამოსავალს. ოთარ იოსელიანის შემთხვევაში გამოსავალი ანუ გაქცევა ყოველთვის არის უკან უდაბნოში. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ რაღაც ძალიან კარგად გაკეთებულს, საიდანაც სამწუხაროდ ემოცია არ მოდის.

- კინორეჟისორ ქეთი მაჭავარიანს კიდევ სხვა ახალი დეტალები აქვს შემჩნეული და ოდნავ განსხვავებული მოსაზრებაც აქვს.

ქეთი მაჭავარიანი – ოთარ იოსელიანი ამ ფილმში უფრო მეტად სენტიმენტალურია, თითქოს უფრო მეტად გაუმძაფრდა ნოსტალგია თავის სამშობლოსთან. უკანასკნელ ნამუშევარში ძალიან მკვეთრად არის ასოციაციები სამშობლოსთან, თითქოს ავტორი უფრო მეტად ცდილობს ჩართული იყოს მისი სამშობლოს პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებში. თითქოს რეჟისორი დაღლილია და მისი ოსტატობა ისევ სრულიად სრულყოფილი რჩება.

- ასეთია ოთარ იოსელიანის ახალი ფილმის შემოდგომის ბაღების შეფასება, რომელიც კინომცოდნე ნინო მხეიძემ და კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა გააკეთეს.

XS
SM
MD
LG