დღეს საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ამ თემაზე ამერიკის ხმასთან საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსმა თენგიზ გოგოტიშვილმა ისაუბრა. ბატონმა თენგიზმა აღნიშნა, რომ ეს არის ნატოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში ასეთი სტატუსით. –„რამოდენიმე თვის წინ შეიქმნა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ჯგუფი. ასეთი სახის თანამშრომლობა ნატოსთან საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს არის საუკეთესო საშუალება საქართველოსთვის წარმოაჩინოს საკუთარი თავი. აღსანიშნავია, რომ ანატოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და ეს დელეგაციაც, როგორც მისი ნაწილი, ერთის მხრივ წარმოადგენს მთლიანად ნატოს, მეორეს მხრივ ნატოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები ასევე არიან თავიანთი ქვეყნების პარლამენტის წევრები. ანუ ნატოს 28 ქვეყნის ამომრჩევვლის რჩეული ადამიანები. ამიტომ საქართველოს გააჩნია არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ გააცნოს საკუთარი მიღწევები, რეფორმები და ა.შ. არა მხოლოდ ნატოს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებზეც საბოლოოდ არის დამოკიდებული საქართველოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება“- აღნიშნა ბატონმა თენგიზმა.