ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიაში კარანტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს არეულობა მოჰყვა


ჰოლანდიის სამხრეთის ქალაქ ეინდჰოვენში, კორონავირუსის კარანტინის ზომების საწინააღმდეგო აკრძალული დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. არეულობის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში ხანძრები გააჩინეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით უპასუხა. სულ ცოტა, 55 ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ ამსტერდამშიც წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა დიდ მოედანზე შეკრებილი, კარანტინის საწინააღმდეგო უკანონო დემონსტრაცია დაეშალა.



იუსტიციის მინისტრმა ფერდ გრაფერჰაუსმა ძალადობა დაგმო და თქვა, რომ დემონსტრაციებს კორონავირუსის კარანტინთან საერთო არაფერი ჰქონდა და უბრალო კრიმინალურ საქციელს წარმოადგენდა, როდესაც დემონსტრანტები პოლიციას, სპეცრაზმს, ჟურნალისტებს და დახმარების მუშაკებს შეგნებულად სამიზნედ იღებდნენ.

ეინდჰოვენში, რკინიგზის მთავარი სადგურის მიმდებარე ცენტრალური მოედანი ქვებით, ველოსიპედებით და დამსხვრეული მინით იყო მოფენილი. მიაჩნიათ, რომ ასობით დემონსტრანტს შორის ანტი-იმიგრანტული ჯგუფის, “პეგიდას” წევრებიც იყვნენ, რომლებიც ქალაქში დემონსტრაციას გეგმავდნენ.

პოლიციის ცნობით, ამსტერდამში 100 ადამიანი დააკავეს.

ჰოლანდიური მედია, ქვეყნის სხვა ქალაქებში, კვირა ღამით, კომენდანტის საათის საწინააღმდეგო პროტესტების შესახებ იუწყება.

ძალადობრივი ქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენდანტის საათის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა, მეთევეზეთა სოფელ ურკში კორონავირუსის ტესტირების ობიექტი გადაწვეს.

ჰოლანდიის მთავრობამ საკარანტინო ზომები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების შესაზღუდად დააწესა, რომელიც გადადების მეტი უნარით ხასიათდება.

პოლიციამ განაცხადა, რომ საღამოს 9 საათიდან, დილის 4:30-მდე მოქმედი კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ქვეყანაში 3 600 ადამიანი დააჯარიმეს და 25 კომენდანტის საათის დარღვევისთვის და ძალადობისთვის დააკავეს.

ეროვნული მაუწყებლის ცნობით, კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ, ქვეყნის 10 ქალაქში პოლიციის სპეცრაზმები განალაგეს. სულ ცოტა 2 ქალაქში, სპეცრაზმი სამხედრო პოლიციით იყო გაძლიერებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG