ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა ერაყსა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე მიიტანა იერიში


ამერიკის სამხედრო ძალებმა ერაყში იმ სამ ობიექტსა და იემენში ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე მიიტანა იერიში, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ჯგუფს ეკუთვნოდა. ეს ჯგუფი რეგიონში ამერიკელ სამხედროებს და ხომალდებს დაესხა თავს. შეერთებული შტატები ცდილობს ისრაელ-„ჰამასის“ ომი უფრო ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

სამშაბათ ღამით ერაყში და იემენში განხორციელებული ორივე დარტყმის სამიზნე იყო ის ობიექტები, რომლებიც შეერთებული შტატების თქმით, ერაყში და სირიაში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებში მონაწილეობდა და იქიდან წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ემუქრებოდა.

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ერაყში დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით განხორციელდა და მისი სამიზნე იყო ობიქტები, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფი "ქათაიბ ჰეზბოლა" და ერაყში ირანთან დაკავშირებული სხვა ჯგუფები იყენებენ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ-სუდანიმ განაცხადა, რომ დარტყმები „ერაყის სუვერენიტეტს უხეშად არღვევს“ და „უპასუხისმგებლო ესკალაციას“ უწყობს ხელს. ერაყის სამხედრო უწყების პრეს-მდივან იაჰია რასულის ხელმოწერილ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ერაყი დარტყმებს „მტრულ მოქმედებად“ მიიჩნევს და ღებულობს ზომებს, რათა ერაყელები დაიცვას.

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ასევე დაარტყა ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენის ჰუთი მეამბოხეების კუთვნილ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას, რომელიც გასაშვებად მზადდებოდა და წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილისკენ იყო მიმართული.

XS
SM
MD
LG