ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა


მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ფუმიო კიშიდას ვიზიტის დეტალები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. კიევში ის პოლონეთიდან, მატარებლით ჩავიდა.

კიშიდა უკვე შეხვდა უკრაინის ოფიციალურ პირებს, შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკისთანაც. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა და სოლიდარობა, უკრაინელი ხალხის მიმართ.

„პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და გამძლეობას, რომელიც იცავს საკუთარ სამშობლოს,“- წერია განცხადებაში, რომელიც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვიზიტის პარალელურად გაავრცელა.

იაპონია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ერთ წელზე მეტია დახმარებას უწევენ, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო კუთხით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა უკრაინაში კიშიდას ვიზიტი იყოს ერთგვარი პასუხი კრემლის პოლიტიკაზე. რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ორი სტრატეგიული ბომბდამშენი იაპონიის ზღვის თავზე შვიდ საათზე მეტხანს დაფრინავდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ეს ვიზიტი წინ უსწრებს დიდი შვიდეულის ქვეყნების შეკრებას. მაისში სამიტს სწორედ იაპონია უმასპინძლებს, ლიდერები ჰიროშიმაში შეიკრიბებიან.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც რუსეთის ომის პერიოდში უკრაინაში ამ დრომდე არ გაუმართავს ვიზიტი, სწორედ იაპონია იყო, თუმცა ახლა ეს მოცემულობაც შეიცვალა.

ვიზიტის ფარგლებში კიშიდამ თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ ძლიერი ნება, დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და კანონის უზენაესობა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG