ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაჰინი: ამ კანონს იგივე გავლენა ექნება საქართველოზე, როგორიც მას რუსეთზე ჰქონდა, ის თავისუფალ აზრს გაქრობს


სენატორი ჯინ შაჰინი
სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს მიაჩნია, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული "ფარას" მსგავსი არ არის და რომ ის რუსულის ანარეკლია. სენატორი ამბობს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მან საქართველოში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, როგორიც მას რუსეთში მოჰყვა - ქვაყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა.

სენატორი ჯინ შაჰინი მის კოლეგა სენატორ დიკ დურბინთან ერთად თებერვლის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ისინი ქვეყნის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიას და ბიზნეს ლიდერებს შეხვდნენ. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი შენატორ შაჰინს საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ესაუბრა.

დიდი მადლობა ჩვენთან საუბრისთვის დრო რომ გამონახეთ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ახლახან, თქვენ საქართველოში ჩახვედით. როგორია თქვენი საერთო შეფასება საქართველოს დემოკრატიაზე?

მე და სენატორი დურბინი, რომელიც შეერთებული შტატების სენატში მეორე უმაღლესი რანგის მქონე დემოკრატია, თბილისში ჩავდით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარლამენტარებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან გვქონდა მიღება. საერთო ჯამში, გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით საზოგადოების წარმომადგენელ რამდენიმე სექტორს. რაც ჩვენ მოვისმინეთ იყო ის, რომ ქართველი ხალხი ინარჩუნებს უწყვეტ ერთგულებას იმ იდეის მიმართ, რომ მისი მომავალი ევროკავშირში, ნატოში და ევროპაშია.

ამიტომ, შემაშფოთებელი იყო მთავრობის მხრიდან ცვლილებების დანახვა, რომლებიც ხელსაყრელია რუსეთისთვის. მე ვაცნობიერებ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს წარმოგვიდგენს ქვეყნისთვის მუდმივ საფრთხეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების, იმ დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, რომლებიც საფუძვლად უდევს ტრანსატლანტიკურ ალიანსს, რომლის წევრობაც ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თბილისში თქვენი ყოფნის დროს და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში განიხილება ე.წ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონპროექტია. როგორია თქვენი შეხედულება მასზე? თქვენ ახსენეთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. სად ჯდება ეს კანონპოროექტი საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში?

ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც.

ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის.

მოკლედ მითხარით, რა არის ამერიკული კანონის არსი? საქართველოში ეს განხილვის დიდი თემაა. კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია აცხადებენ, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია და კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე "ფარა". თქვენი აზრით, რა არის უმთავრესი განსხვავებები ამერიკულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის?

ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ. იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა "არ-თის" [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში საერთოდ არ არის "ფარას" მსგავსი.

ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე.

ქართველ ხალხს სურს გააგრძელოს დემოკრატიული გზა. ისინი მხარს უჭერენ დასავლეთურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას... მათ არც სურთ და ვერც ხედავენ საქართველოს მომავალს რუსეთთან ერთად.

მას შემდეგ რაც საქართველოდან დაბრუნდით, შეხვდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, როგორია თქვენი აზრი საქართველოს საერთო მდგომარეობაზე?

კიდევ ვიტყვი, რომ ქართველ ხალხს სურს გააგრძელოს დემოკრატიული გზა. ისინი მხარს უჭერენ დასავლეთურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ისინი მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებას და მათ არც სურთ და ვერც ხედავენ საქართველოს მომავალს რუსეთთან ერთად, განსაკუთრებით - რუსეთთან, რომელმაც დაიწყო ასეთი სასტიკი და საზარელი ომი უკრაინაში.

საქართველოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ყოფნის დროს მთავრობამ უარი გითხრათ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ნახვაზე. რას ფიქრობთ ამაზე?

ვფიქრობ, ნებისმიერ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის სამედიცინო მზრუნველობა, რომელიც მათ სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს ასეა ბატონი სააკაშვილისთვის ან ნებისმიერი სხვა პატიმრისთვის საქართველოში. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ამის შესახებ და ვთქვით ის, თუ რა მიგვაჩნია მთავრობის პასუხისმგებლობად პატიმრებზე ზრუნვაში.

მოდით ახლა უკრაინაზე გადავიდეთ. როგორ ხედავთ ომს მომენტში ვაშინგტონიდან?

როგორც ვთქვი, თბილისში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ჩავედით, სადაც ამეირკის კონგრესის რეკორდულად დიდი დელეგაცია იყო წარმოდგენილი. იქ იყო ვიცე-პრეზიდენტიც და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი. ჩვენ ვაჩვენეთ ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა ევროპაში ჩვენი მოკავშირეების და მამაცი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ასე გაბედულად იბრძვიან. ვფიქრობ, ომის პირველ წლისთავზე ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან ევროპასა და ნატოში, რომ გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინელებისთვის, რათა მათ ამ ომში გაიმარჯვონ, შეებრძოლონ რუსებს და რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ.

თქვენი აზრით, ვაშინგტონში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ მოსმენების და დისკუსიების გათვალისწიებით, რომლებიც ბოლო პერიოდში ისმის ანგარისშვალდებულების და შემოწმების შესახებ?

არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეიძლება არ უჭერდნენ ამას მხარს, მაგრამ წევრების უმრავლესობა, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში მხარს უჭერს უკრაინას ამ ომში. ეს იმის გამო, რომ გვესმის, რომ უკრაინელები იბრძვიან ყველა იმ ხალხისთვის, რომელსაც სურს შეინარჩუნოს თავისი სამშობლო, რომელსაც აქვს დემოკრატიული მისწრაფებები, რომელსაც სურს თავისუფლება და თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს არ სურს მათთვის ამის მიცემა. ჩვენ გვესმის შეშფოთებები სხვა ქვეყნებისგან, პოლონეთისგან, ბალტიისპირეთიდან, რუმინეთიდან... თუ პუტინს ახლა არ შევაჩერებთ, სად წავა შემდეგ? ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს ამ ბრძოლაში.

ვიცი, რომ დრო აღარ გაქვთ და უნდა წახვიდეთ, მაგრამ შავ ზღვაზე მინდა გკითხოთ. თქვენ სათავეში უდგახართ კონგრესის ძალისხმევას, რომ გაძლირდეს შავი ზღვის უსაფრთხოება. როგორ ხედავთ ამ პროცესს და რა როლის თამაში შეუძლია ამერიკას რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში?

ვფიქრობ, რომ ომმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და რას ნიშნავს ეს არა მხოლოდ დანარჩენი ევროპისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ გადაიკეტა გადაზიდვის მარშრუტები, უკრაინული მარცვლეული და სასუქი აღარ მიეწოდებოდა მსოფლიოს სხვა რეგიონებს, იქნებოდა ეს ევროპაში თუ აფრიკაში. მას რეალური გლობალური გავლენა ჰქონდა. ამიტომაც მე წარმოავდგინე კანონპროექტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და რომელიც ადმინისტაციას სთხოვს, შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. ახლა კანონმდებლობის მეორე მოსმენას გავდივართ თავდაპირველი ძალისხმევის გასაფართოებლად.

მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოში რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებიც შეშფოთებულნი არიან შავი ზღვის გამო და რომლებიც ფიქრობენ ეგრეთწოდებულ შუალედურ დერეფანზე და შესაძლებლობაზე, რომელსაც ის წარმოადგენს იმისთვის, რომ გადავლახოთ რუსეთის მიერ წიაღისეულ საწვავზე და ენერგო რესურსებზე არსებული დომინაცია დანარჩენ მსოფლიოში. ვფიქრობ, ეს ენერგეტიკასთან ერთად ასევე ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას და უსაფრთხოებას ამ რეგიონში. მნიშვნელოვანია, შევიმუშავოთ უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგია და ვიფიქროთ კრიტიკულ როლზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონს აქვს საკუთარი მოსახლეობის და დანარჩენი მსოფლიოსთვის.

საქართველოს ამ არქიტექტურის ნაწილად მოიაზრებთ?

ვფიქრობ, რომ საქართველო ხედავს საკუთარ თავს და რეალურ როლს ამ არქიტექტურაში და ეს შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური.

XS
SM
MD
LG