ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI: კოვიდ 19 სავარაუდოდ ვუჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვამ გამოიწვია


ქრისტოფერ ვრეი, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი სენატის მოსმენაზე. 17 ნოემბერი, 2022 წ.
ქრისტოფერ ვრეი, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი სენატის მოსმენაზე. 17 ნოემბერი, 2022 წ.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შეფასებით, კოვიდ-19 პანდემიის გამომწვევი ვირუსის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება, დიდი ალბათობით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის შედეგად მოხდა. პეკინი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს "სრულებით უსაფუძვლო" ბრალდებაა.

განცხადება პანდემიის გამომწვევ მიზეზებზე ქრისტოფერ ვრეიმ, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა სამშაბათს, 28 თებერვალს გააკეთა. "FBI-იმ უკვე რა ხანია დაასკვნა, რომ პანდემიის დასაწყისი, დიდი ალბათობით, უკავშირდება პოტენციურ ლაბორატორიულ ინციდენტს ვუჰანში" - თქვა მან ამერიკულ ტელეკომპანია ფოქსთან (Fox) ინტერვიუში.

მანამდე, მსგავსი ვერსია შეერთებული შტატების ოფიციალური პირებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა. ანალოგიური შეფასება გაკეთდა ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტში. თუმცა, გამოცემა "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ცნობით, შეერთებული შტატების 4 სამთავრობო სააგენტო ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წარმოშობას ბუნებრივი საწყისები აქვს.

ჯონ კირბიმ ორშაბათს, 27 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობაში ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ აქვთ. ის თეთრი სახლის პრესსპიკერია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ჩინეთმა დღეს FBI-ის ხელმძღვანელის განცხადება ფაქტების "პოლიტიკურ მანიპულაციად" შეაფასა. "შეერთებული შტატების დაზვერვის უწყებებში გავრცელებული სიყალბის და სიცრუის ფაქტებიდან გამომდინარე, მათ მიერ გამოტანილი დასკვნები საფუძველს მოკლებულია" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ამერიკას "მეცნიერების და ფაქტების პატივისცემისკენ" მოუწოდა.

ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში ქრისტოფერ ვრეიმ თქვა, რომ FBI-ის გამოძიების ყველა დეტალის გამჟღავნება მას არ შეუძლია, რადგან ისინი გასაიდუმლოებულია. მან ჩინეთის მთავრობას ბრალი დასდო პანდემიის საწყისებთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, ფაქტების განზრახ "დამახინჯებაში და არევ-დარევის მცდელობაში".

კოვიდ-19-ის პანდემია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩინეთიდან დაიწყო. სარს-კოვ-2 ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტები ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, სადაც მდებარე ლაბორატორიაში კორონავირუსის მანამდე არსებულ შტამებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG