ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბერლინი მოკავშირეების სურვილს წინ არ აღუდგება", - გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე


გერმანიის შეიარაღებული ძალების "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკი, 20 მაისი, 2019 წელი.
გერმანიის შეიარაღებული ძალების "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკი, 20 მაისი, 2019 წელი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს განახცხადა, რომ მისი მთავრობა გერმანიას "ლეოპარდის" ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვას ოფიციალურად სთხოვს, თუმცა ტანკებს კიევს ბერლინის თანხმობის გარეშეც გაუგზავნის.

უკრაინის მთავრობა გამუდმებით ამბობს, რომ გერმანული წარმოების "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკები რუსეთის შეირაღებული ძალების შესაკავებლად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გერმანიაზე წნეხი ბოლო თვეებისა და განსაკუთრებით, კვირების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. საკითხი ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც განიხილებოდა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ არსებობს სათანადო არგუმენტები იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიეწოდოს უკრაინას საბრძოლო ტანკები. "არგუმენტი ესკალაციის [თავიდან აცილების] შესახებ არ მუშაობს, რადგან რუსეთი ესკალაციას აგრძელებს", - ამბობს ედგარს რინკევიჩი. ლიეტუვის პირველი დიპლომატის, გებრიელიუს ლენდსბერგისის თქმით კი, ტანკები არც ერთი დღით აღარ უნდა ყოვნდებოდეს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ თუკი უკრაინა არ მიიღებს ყველაფეერს, რაც მას სჭირდება, რუსეთმა შეიძლება ომი მოიგოს.

მაშინ, როცა ომი ერთი წლის ნიშნულს უახლოვდება, ეს საკითხი დომინირებს დასავლელი პარტნიორების დისკუსიებში თუ როგორი ტიპის დახმარება უნდა მიაწოდონ უკრაინას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ თემაზე სასაუბროდ "კარი ღია დატოვა" და კვირას თქვა, რომ ბერლინი არ შეეწინააღმდეგება პოლონეთის სურვილს გადასცეს უკრაინას ტანკები. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთიც და უკრაინაც გაზაფხულზე შეტევებისთვის ემზადებიან. ახლა შეტაკებები ბახმუტის მიდამოებში გრძელდება, სადაც რუსეთს "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები ჰყავს მობილიზებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამავე დროს კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ შესაძლოა ამან დასავლური ქვეყნების მხრიდან დახმარების ენთუზიაზმი შეასუსტოს. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ლიდერებმა სურსათი ზედმეტად მაღალ ფასად შეიძინეს. შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ გამოძიების ფონზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა.

უკრაინის ოფიციალური პირები დასავლელ მოკავშირეებს "ლეოპარდებს" თვეების განმავლობაში სთხოვდნენ. თუმცა გერმანია ამ დრომდე მათი გადაცემისგან თავადაც თავს იკავებდა და არც სხვა მოკავშირეებს აძლევდა რეექსპორტის უფლებას. მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ახერხებდა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად კრიტიკული მნიშვნელობის მიღწევები ორივე მხარეს შემცირდა. მსხვერპლი ორივე მხარეს დიდია, უკრაინა ამბობს, რომ ეს ტანკები ბრძოლის ველზე მყოფ მის ძალებს მეტ მობილობას, დაცულობას და იერიშის მიტანის მეტ შესაძლებლობას მისცემს, საბოლოოდ კი რუსული ჯარების დაწინაურებას შეაჩერებს.

პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ უკრაინას ტანკები თუნდაც მცირე კოალიციის ფარგლებში, მაინც გაეგზავნება. რამდენიმე ევროპული სახელმწიფო თანახმაა მათ მფლობელობაში არსებული "ლეოპარდები" კიევს მიაწოდოს. გასულ კვირას დასავლელი ლიდერები უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ, თუმცა "ლეოპარდების" შესახებ გერმანიის დათანხმება ვერც რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეკრების ფარგლებში მოახერხეს.

ორშაბათს, გერმანიის პირველი დიპლომატის განცხადება კი იმის თაობაზე, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელს არ შეუშლის, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა ბრიუსელში ჩასულმა მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და არც ის განმარტა, საუბრობდა თუ არა მთელი მთავრობის სახელით.

XS
SM
MD
LG