ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის დელეგაცია დავოსში უკრაინის აღდგენისთვის ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს


ვიტალი კლიჩკო

კიევის ინფრასტრუქტურა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ჩამოიშალოს, - ამბობს კიევის მეტი ვიტალი კლიჩკო. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო იერიშები დედაქალაქს და ადგილობრივ ხელისუფლებას ცივი ზამთრის პირობებში კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ ამყოფებს.

ძმები კლიჩკოები "როიტერთან" საუბრისას ამბობენ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა იმ საჰაერო თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის მიწოდება უნდა დააჩქარონ, რომელთა გამოყენებითაც რუსული რაკეტების ჩამოგდებაა შესაძლებელი.

კიევი მოსკოვს სამოქალაქო ობიექტების და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველ დაბომბვაში ადანაშაულებს. რუსეთის სამიზნეა ასევე ენერგო-ინფრასტრუქტურა, მოქალაქეთა ნაწილი დროდადრო ელექტროენერგიის, გათბობის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, ან ეს სერვისები ხალხს შეფერხებებით მიეწოდება.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ კოლაფსზე, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ წამს მოხდეს, რადგან რუსულმა რაკეტამ შესაძლოა გაანადგუროს კიევის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა", - ამბობს ვიტალი კლიჩკო და დასძენს, რომ ამჯერად დედაქალაქში ელექტროენერგიის 30 %-იანი დეფიციტია.

"უკრაინაში ახლა საკმაოდ ცივა და ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. სიტუაცია კრიტიკულია, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით", - თქვა უკრაინის დედაქალაქის მერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

ძმები კლიჩკოები, რომლებიც მანამდე მძიმეწონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივეები იყვნენ, დავოსის სამიტზე ბიზნესისა და პოლიტიკური სპექტრის მაღალი რანგის დელეგაციის წარმომადგენელთა შორის არიან.

"მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ყოყმანი ჩვენთვის იმ იარაღის მოცემასთან დაკავშირებით, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. არამედ ისინი უნდა მოგვაწოდონ რაც შეიძლება სწრაფად. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ კვლავ დავკარგავთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი ადამიანის სიცოცხლეს", - თქვა ვლადიმირ კლიჩკომ. მერის ძმამ განმარტა, რომ ბელარუსიდან თავდასხმის საფრთხე არსებობს და კიევს ამ მიმართულებითაც სჭირდება ყურადღების გამახვილება.

დავოსში უკრაინის დელეგაციის უმთავრესი აქცენტი ქვეყნის აღდგენით ძალისხმევას ეხება და ამ აღდგენით პროცესში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.

"მაშინ, როცა დღეს ომის დასრულებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიფიქროთ ომის შემდგომ დღეზეც", - ამბობს კიევის მერი.

XS
SM
MD
LG