ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერად მეექვსე ვადით დაბრუნდა


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ფიცი 29 დეკემბერს მეექვსედ დადო. ის ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიურად კონსერვატიული მთავრობას უხელმძღვანელებს. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ განახორციელებს პოლიტიკას, რომელმაც შესაძლოა შიდა და რეგიონული არეულობა გამოიწვიოს და იერუსალიმი ქვეყნის უახლოეს მოკავშირეებს დააშოროს.

ნეთანიაჰუმ ფიცი მას შემდეგ დადო, რაც პარლამენტმა მის ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ახალი მთავრობა პრიორიტეტად ისახავს ებრაული დასახლებების გაფართოებას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ულტრა-მართლმადიდებლური მოკავშირეებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდას და სასამართლო სისტემის ისეთი ფორმით რეფორმირებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მთავრობის ამ გეგმებმა უპრეცედენტო უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელის საზოგადოებაში, მათ შორის, სამხედრო, უფლებადამცველ და ბიზნეს ჯგუფებში.

ნეთანიაჰუ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლი ვადით მოქმედი პრემიერ-მინისტრია. პრემიერის თანამდებობა ნეთანიაჰუს 2009-2021 წლებში ეკავა, რის შემდეგაც ის არჩევნებში დამარცხდა. თუმცა ოთხი არჩევნების შემდეგ რვა პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლო და არჩევნების ბოლო ციკლში ნეთანიაჰუს კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად პოლიტიკაში მისი დაბრუნებისა, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება, რომელიც მას სამ საქმეში თაღლითობას, ნდობის დარღვევასა და ქრთამის აღებას ედავება. ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის არის კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლი, რომელიც მტრულად განწყობილი მედიის, პოლიციისა და პროკურატურის მიერ არის ორგანიზებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG