ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატვიაში მთავრობას 3 პარტია დააკომპლექტებს


ლატვიაში სამი პოლიტიკური პარტია მთავრობას ერთად დააკომპლექტებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მთავრობას პრემიერ-მინისტრი კრისიანის კარინსი უხელმძღვანელებს. მის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიას არჩევნებში მოქალაქეთა თითქმის მეხუთედმა მისცა ხმა.

მმართველ გუნდს შეუერთდებიან კონსერვატიული "ეროვნული ალიანსისა" და ახალი, ცენტრისტული ალიანსის "გაერთიანებული სიის" წარმომადგენლებიც.

პარტიები პირობას დებენ, რომ კარინსის მეორე კაბინეტის უმთავრესი მიზანი ეკონომიკის ტრანსფორმირება იქნება ისეი პოლიტიკით, რომელიც ლატვიელ ხალხს მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს. კრისიანის კარინსი ქვეყნის ხელისუფლებას 2009 წლიდან მართავს. მისი ახალი კოალიციის უმთავრესი მიმართულებებია: უსაფრთხოება, განათლება, ენერგეტიკა, კონკურენცია და ცხოვრების ხარისხი.

ლატვიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი ინფლაცია ფიქსირდება. ფასები ნოემბერში გასულ წელთან შედარებით თითქმის 22 %-ით იყო გაზრდილი. ლატვია და ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოები - ესტონეთი და ლიეტუვა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შედეგად განსაკუთრებით მწვავედ სწორედ ენერგოკრიზისის წინაშე დგანან.

უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ, სამივე ქვეყანამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 2022 წლის დასაწყისშივე შეწყვიტა. ლატვია ახლა უმთავრესად საკუთარ გაზის მარაგს და ლიეტუვიდან ექსპორტირებულ ენერგიას იყენებს.

კოალიცია ერთად 54 მანდატს ფლობს. ლატვიის სეიმში სულ 100 მანდატია. მმართველ გუნდს კვლავ დასჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილებისთვის პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა. სეიმში მოსახვედრად 5 %-იანი ბარიერი სულ 7-მა პარტიამ გადალახა.

ლატვიის მოქალაქეთა თითქმის მეოთხედი ეთნიკურად რუსია. თუმცა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტში მათ ინტერესებს გაატარებდა, არჩევნებში გამარჯვება არ მოუპოვებია და პარლამენტში არ მომხვდარა. ლატვია 2004 წლიდან ნატოსა და ევროკავშირის წევრია.

XS
SM
MD
LG