ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის ცნობებით სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, არის მსხვერპლი


რუსული რაკეტა პოლონეთში
რუსული რაკეტა პოლონეთში

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება.

ინფორმაციას ამ დროისთვის არც ადასტურებს და არც უარყოფს პენტაგონი. პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ამერიკა ამ დროისთვის არ ფლობს დამატებით ფაქტებს, ინფორმაციის დასადასტურებლად.

"მედია იუწყება, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მომენტისთვის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როცა ჩვენ გვექნება განახლება, გავაკეთებთ განცხადებას,"- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

პოლონური მედიის ინფორმაციით რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. "რადიო Zet”- ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაკეტები ხორბლის საცავს დაეცა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. რადიოს ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე პოლონური ჯარი, პოლიცია და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან. უცნობია რაკეტა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუ ის უკრაინის ჩამოგდების შემდეგ მოხვდა პოლონურ მხარეს. მედიის ცნობებით, რაკეტის სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო.

აქამდე ახალი ამბების სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ (AP) ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნას და მსხვერპლს მათთან საუბარში, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირიც ადასტურებს. სააგენტო პირის ვინაობას ანონიმურად ტოვებს.

პოლონეთის მთავრობის სპიკერი, პიოტრ მიულერი ამბობს, რომ ამ წუთებში პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები „კრიზისული ვითარებას“ განიხილავენ. ის მედიას მოუწოდებს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. ოფიციალურ ვარშავას ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა უკვე მოიწვიეს უშიშროების საბჭოს სხდომა, "კრიზისული სიტუაციის" განსახილველად.

პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი იქნება დაცული. ვარშავას შეუძლია, ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად, ალიანსის სხდომა მოითხოვოს.

პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიქსი. მისი თქმით ეს არის „რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული“. პაბრიქსი უსამძიმრებს პოლონელ ხალხს, იმ ორი ადამიანის დაღუპვას, რომლებიც არსებული ინფორმაციით რუსულ ჭურვებს შეეწირნენ.

მომხდარს გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ანიშნა, რომ ეს ვითარების "საშიში ესკალაციაა".

„ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის დარტყმა არის კრემლის მხრიდან [ვითარების] ძალიან საშიში ესკალაცია. ლატვია სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე პოლონეთს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რასაც პოლონეთი მიიჩნევს შესაბამისად. რუსეთი ყველა შედეგზე სრულად აგებს პასუხს“, - აცხადებს ედგარს რინკევიჩი.

განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ურმას რეინსალუმ თქვა, რომ ესტონეთი ნატოს თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

"უკანასკნელი ცნობები პოლონეთიდან ყველაზე შემაშფოთებელია. ჩვენ ვმართავთ კონსულტაციებს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს", - თქვა მან.

პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმაც. ინგრიდა შიმონიტემ "ტვიტერზე" დაწერა: "ყურადღებით ვაკვირდები ძალიან შემაშფოთებელ ცნობებს პოლონეთიდან. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს პოლონეთთან და ყველა ჩვენს მოკავშირესთან. ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს და უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს".

დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე. მოსკოვის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG