ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს არის ცალსახად აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია“


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად დისტანცირებულმა „ოთხეულმა“, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად რჩებიან, მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციული პასკვილი, გამაოგნებელია, არ მჯერა, როგორ უტიფრად, ცინიკურად თავხედურად უტევენ აშშ-ს..ეს არის ცალსახად აშშ-ს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია“
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (2012-2016)

ახალ წერილში, პარლამენტის დეპუტატები: ყაველაშვილი, ხუნდაძე, მაჭარაშვილი და სუბარი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოს მხოლოდ იმიტომ ეხმარება, რომ „რუსეთი შეაკავოს“. „ოთხეული“ ასევე ეჭვქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის მანძილზე, ამერიკული ფინანსური დამხმარების მიზნობრიობას და საქართველოსთვის მიღებულ სარგებელს.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციული პასკვილი, გამაოგნებელია, არ მჯერა, როგორ უტიფრად, ცინიკურად თავხედურად უტევენ აშშ-ის ელჩს. ეს არ არის ელჩის წინააღმდეგ, ეს არის ცალსახად აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც 2012-16 წლებში, სახელმწიფო მინისტრი იყო და მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

ზაქარეიშვილი ანტიამერიკული კამპანიის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

მისი თქმით, „ოცნებას“ უნდა, რომ როგორმე მოიძულოს დასავლეთი და მარტო დარჩნენ რუსეთთან. „აშშ უნიკალური დახმარების და მხარდაჭერის სანაცვლოდ, მხოლოდ დემოკრატიას გვთხოვს, მეტს არაფერს, მათ [„ოცნებას“] არ უნდა დემოკრატია, რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, მათ უნდათ არჩევნებზე დარჩნენ მარტო“.

„მე მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესები, შესაბამისად დემოკრატიაზე ამბობს უარს და მხარს უჭერს ძალაუფლებას (ავტოკრატიას), რისი ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს რუსეთი.

სხვა ვერცერთი სახელმწიფო ვერ აიტანს საქართველოში არადემოკრატიულ მმართველობას, გარდა რუსეთისა. ამიტომ არის ასეთი უტიფარი და თავხედური შეტევა ამერიკის შეერთებულ შტატებზე“ - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

„გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება
ნაწყვეტი "ოთხეული" წერილიდან

„ოთხეული“ ბოლო წერილში მიუთითებს, რომ „გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება. რაც მთავარია, ერაყისა და ავღანეთის მისიებში 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, რითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან ზუსტად 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა მიიღო“.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტრადიციული რუსული მესიჯ-ბოქსი, რისი მიზანიც არის, რომ დაგვაშორონ ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეს - აშშ-ს, რეალურ მოკავშირეს, რომელსაც ჩვენი დაცვა შეუძლია და რომელმაც ბევრი საფრთხისგან დაგვიცვა, თუნდაც, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს არის აშშ-ის და საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

ბერიძეს 2011-14 წლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობები, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოსტიც ეკავა.

ბერიძე ანტიამერიკული კამპანიის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00

პოლკოვნიკის აზრით, ეს ღიად გამოხატური, ანტიამერიკული და პრორუსული კამპანია ემსახურება იმას, რომ „ნელ-ნელა მოხდეს აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება და დაცილება. ლაშა ბერიძე დარწმუნებულია, აშშ-ის სამხედრო დახმარების რაიმე ფორმით დაკნინება, ქვეყნის სასიცოცხლო, ეროვნულ ინტერესებზე ღიად დარტყმას ნიშნავს.

ეს არის ტრადიციული რუსული მესიჯ-ბოქსი, რისი მიზანიც არის, რომ დაგვაშორონ ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეს - აშშ-ს, ეს არის აშშ-ს და საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა
ლაშა ბერიძე, პოლკოვნიკი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე

„სამხედრო კარიერის დასაწყისში, მე ვმონაწილეობდი „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაში, რომელიც 2002 წელს დაიწყო. როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, ქართულ ჯარს არ ჰქონდა ჩასაცმელი, არ ჰქონდა საჭმელი, არ ჰქონდა არაფერი.

ეს პროგრამა დაიწყეს ამერიკელებმა, მოვიდნენ, ჩააცვეს, გაწვრთნეს, მოამზადეს და ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს რეგიონში... და ასეთი პროგრამები იყო უამრავი. კარგად უნდა გვესმოდეს, როგორ მოკავშირეს ესხმიან თავს, ეს გაუგებარი „პოლიტიკოსები“ - ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

გასულ კვირას, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, მმართველ პარტიას მოუწოდა, ღიად დაეფიქსირებინათ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა ანტიამერიკულ კამპანიას და სტრატეგიულ მოკავშირეზე ღია თავდასხმებს.

„ბოლო კვირების განმავლობაში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის საპასუხოდ, დღეს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა (სადაც „ოთხეული“ დღემდე რჩება) ირაკლი კობახიძემ ყაველაშვილი, ხუნდაძე, მაჭარაშვილი და სუბარი დაიცვა და იერიში ისევ კელი დეგნანზე მიიტანა.

ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილის და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, რა თქმა უნდა, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

„ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება და მან თქვა, რომ 4 ადამიანი, ჩვენი ღირსეული 4 კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას.

მე ვთქვი და იგივეს ვამბობ ახლაც, ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილის გამავრცელებლები და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, რა თქმა უნდა, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. ელჩის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ჩვენ ვერ გავიზიარებთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოთხეულს“ ღირსეული წარსული აქვს.

კობახიძე: „აშშ-ს ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში განცხადება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

ამასთან, კობახიძემ უარი თქვა, „ოთხეულის“ ანტიამერიკული წერილების შინაარსზე ემსჯელა. „წარმოვიდგინოთ, რომ რაც წერია იმ წერილებში არის 100%-ით სიმართლე, ან 90%-ით სიმართლე, ან 80%-ით სიმართლე, ჩვენი თავი წარმოიდგინეთ ამ ვითარებაში, მერე იძულებულები ვართ, იქედან 90% დავადასტუროთ და 10% უარვყოთ, 100% დავადასტუროთ ან 0 უარყვოთ, 80% დავადასტუროთ ან 20% უარვყოთ... რა თქმა უნდა, ამაში ვერ შევალთ. [წერილებში] გამოთქმულ ვერცერთ დეტალზე პოზიციას ვერ დავაფიქსირებ“ - აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად დისტანცირებულმა დეპუტატებმა, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებზე პერსონალური თავდასხმა და ღიად გამოხატული ანტიდასავლური კამპანია, ივნისის ბოლოს დაიწყეს.

თავიდან „ოცნებას“ სამი დეპუტატი (ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი) გამოეყო, რომლებიც მედიაში „ტროიკად“ მოინათლა. ამის შემდეგ, მათ „ოცნებიდან“ კიდევ ერთი დეპუტატი (მაჭარაშვილი) დაემატათ.

ივნისის ბოლოდან მოყოლებული, ფორმალურად „განდგომილებმა“ რამდენიმე ანტიდასავლური წერილი დაწერეს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. აგვისტოს ბოლოს, „ოთხეული“ საზოგადოებრივ მოძრაობად გაფორმდა და „ხალხის ძალა“ დაირქვა.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს "საზოგადოებრივი მოძრაობა", რომლის წევრებიც ამ დრომდე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში არიან, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს.

XS
SM
MD
LG