ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„განდგომილი“ ოთხეული ელჩის წინააღმდეგ


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 26 აგვისტოს მორიგი თავდასხმის სამიზნედ იქცა. ამჯერად მას ეგრეთ წოდებულმა „განდგომილმა“ ოთხეულმა რევოლუციური სცენარის ავტორობაში დასდო ბრალი.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გამოქვეყნებულ წერილში აცხადებენ, რომ კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რევოლუციური სცენარისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის ავტორია.

„განდგომილი“ დეპუტატების განცხადებაში სიახლეა ის, რომ გავრილოვის ღამე, რომელიც ბევრი შეფასებით, საქართველოში სამოქალაქო წინააღმდეგობის მნიშვნელოვან ნიშნულად იქცა, უბრალო კლიშედაა წარმოდგენილი.

"ხალხის ძალა"
"ხალხის ძალა"

„როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული,“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ოთხი „განდგომილი“ დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი აწერენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, განდგომილი კოლეგების რიტორიკისგან გამიჯვნასა და ამის შესახებ განცხადებების გაკეთებას არ ჩქარობენ. ისინი უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ იმის შესახებ, თუ რა არ მოსწონთ ელჩი დეგნანის ქმედებებში და ნაკლებად აკრიტიკებენ ყოფილ თანაგუნდელებს, სტრატეგიული პარტნიორის მთავარი დიპლომატის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიისთვის. პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ამერიკის ელჩის ქმედებით, როდესაც მან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ დაუჭირა მხარი. „გულწრფელად გეტყვით, რომ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ქალბატონმა ელჩა აღნიშნა, თითქოს, დაუყოვნებლივ აცნობა ამ ორგანიზაციამ [„სამართლიანმა არჩევნებმა“] საზოგადოებას საარჩევნოდ პარალელური დათვლების შეცდომის შესახებ. მაშინ, როდესაც, ჩვენ ვიცით, რომ ეს მხოლოდ 41-ე დღეს მოხდა და თანაც მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიაგნო ფალსიფიკაციას,“- ამბობს რატი იონათამიშვილი.

„განდგომილი ოთხეული" ელჩს ადანაშაულებს, თითქოს, საელჩოში „დაიწერა“, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

„ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოსცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს „განდგომილი“ დეპუტატები აწერენ. მათ გაერთიანებას „ხალხის ძალა“ ჰქვია.

„ვფიქრობ, ასეთი, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქვეყანაში, რევოლუციური გზით შეიცვალოს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არ თანხმდება იმას, რომ მან მიიღოს გარე დაკვეთები და ის ჩაერთოს უკრაინა-რუსეთის ომში, სადაც დასავლეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, ის, რაც აქამდე კულისებში იყო ჩაკეტილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, ერთ-ერთმა განდგომილთაგან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პარლამენტარი, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „დანაყოფის“ წერილების ციკლი ანტიდასავლური კამპაანიის გაგრძელებაა. რომლის მიზანიც ღიად უპირისპირდება საქართველოს დეკლარირებულ ინტერესებს და მხოლოდ ივანიშვილის და მის მიერ მართული გუნდის ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„იმ ღია დაპირისპირებაში, რაც მათი წერილებით ჩვენი მთავარი მოკავშირის და სტარტეგიული პარტნიორის ამერიკისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გააჩაღეს, კლასიკური რუსული საინფორმაციო ომის მეთოდები იკვეთება. მხოლოდ სურკოვისეული სუვერენული დემოკრატია მახსენდება მაშინ, როცა ისინი სუვერენიტეტზე საუბრობენ. სუვერენიტეტზე აპელირება მეგობრების რჩევების საწინააღმდეგოდ დასავლური ტიპის დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრებაა და ამით, საქართველოს დასავლური ვექტორის წინააღმდეგ სვლა და რუსეთის ინტერესების გაძლიერება“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.

ზურა ბატიაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პოლიტიკის ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რომ ეს თავდასხმა არის არა ელჩზე, არამედ შეერთებულ შტატებზე. „სავარაუდოდ, მათი გადმოსახედიდან, მიზანი არის ის, რომ გარკვეული გავლენა მოხდინონ შვეიცარიის მთავრობაზე ან ბანკზე, რაც არის არასწორი გათვლა. მას [ბიძინა ივანიშვილს] ჰყავს არასწორი მრჩევლები ამ საკითხებში, ან თუ ჰყავს სწორი მრჩევლები, მათ არ უჯერებს, რადგან ეს საკითხები ასე, საჯარო დისკუსიის ფორმით არ წყდება. არც ამერიკასთან დაპირისპირებით გადაწყდება რამე და არც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შანტაჟით. ეს უფრო ისტერიის ნიშნები მგონია“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

„მე ერთი რამ ვიცი“, - ამბობს ლევან იოსელიანი „მოქალაქეებიდან“ და განაგრძობს - „როდესაც ადანაშაულებ ელჩს, ეს პერსონალურად მისი დადანაშაულება არაა, ესაა იმ ქვეყნის დადანაშაულება, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა - აი, აქამდე დადის ეს ყველაფერი, რაც, ჩემი აზრით, ღიმილის მომგვრელია“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

„განდგომილი“ ოთხეული კი მიიჩნევს, რომ საელჩო არა მხოლოდ აწყობს გადატრიალებას, არამედ „საჯარო აღიარებს კიდეც რომ ის არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან“.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ოპოზიციონერი პარლამენტარი, თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. ამიტომაც, მისი მოლოდინით, არც „განდგომილების“ გუნდი ისარგებლებს მოქალაქეების ფართო მხარდაჭერით. „განდგომილებმა“ ისიც კი ვერ შეძლეს ამ თვეების განმავლობაში, რომ რეალურად დაეჯერებინათ ხალხი, თითქოს, „ქართული ოცნების“ პარტიის დეპუტატები აღარ არიან. არ ვფიქრობ, რომ მათი ეპისტორალური ჟანრი დიდად შედეგიანი გამოდგება. „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად დაინახა, რომ ერვოპული იდეა ბევრად ძლიერია საქართველოში, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ამიტომაც უტევენ დასავლეთს, რათა ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნება შესძლონ. ეს ქმედება პრიმიტიული და მტრულია და არ დასრულდება მათთვის შედეგიანად,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

ზურაბ ბატიაშვილი, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „განდგომილების“ ეპისტოლარული ჟანრი კომუნისტების პერიოდის სტილს აგონებს. მაშინ „წერილი“ ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა ოპონენტის გასანადგურებლად. „გვახსოვს ყველას, სამწუხარო რეალობა იყო წერილების წერა. დაწყებული „ანონიმკებით“, დასრულებული საგაზეთო წერილებით, რომლის ავტორი არ ჩანდა, მაგრამ ყველამ იცოდა მისი ვინაობა. დაახლოებით, ამ სტილში არიან წარმოდგენილი „განდგომილები“. ეს ააშკარავებს ისტერიაში, აგონიაში ჩავარდნილ პოლიტიკურ ძალას. საინტერესოა, ვინ ურჩია, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩს, მით უმეტეს აშშ-ის ელჩს ასეთი წერილები შეიძლება სწერონ? მე, როგორც დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანს, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ელჩის მოვალეობაში არ შედის მოქალაქეების მიერ გაგზავნილ წერილებზე პასუხის გაცემა“,- გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი.

ამერიკის ელჩის მიმართ დაფიქსირებულ მკვეთრ უკმაყოფილებასა და საქართველოს დამაზიანებელი ქმედებების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს სახელისუფლებო გუნდი მკვეთრად არ გამიჯვნია.

ამერიკის ელჩის მიმართ განდგომილი დეპუტატების მიერ წაყენებული ბრალდებები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  1. ელჩი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებით საუბრობს;
  2. ეს მესიჯები აშშ-ს საელჩოშია მოფიქრებული;
  3. პოლარიზაციის პრობლემა საელჩოში მოიფიქრეს;
  4. ელჩი დეგნანი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკუთარი სამშობლოს მიმართაც დანაშაულს სჩადის, რადგან არ დუმს („ოქროს“, როგორც დუმილს, არ ირჩევს);
  5. ელჩს წამოსცდა, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი, არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ, საელჩოშია დაწერილი;
  6. ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმის ხელოვნურად ჩამოყალიბება ელჩის თვითმიზანია;
  7. რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება ელჩის თვითმიზანია;
  8. ელჩი „ფეიკ“ ინფორმაციის გამავრცელებელია;
  9. ელჩი შეგნებული მატყუარაა;
  10. საელჩოში ჩაიფიქრეს და თავს მოახვიეს საქართველოს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები;
  11. ელჩმა ტელევიზიების „ლეგიტიმურად დაჯარიმება გააპროტესტა“, რითაც რევოლუციური სცენარის ავტორობა დაადასტურა;
  12. ელჩი საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარე ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს;
  13. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას;
  14. ომისკენ რომ არ ექაჩება, იმ ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც წავა.

„განდგომილი“ „ხალხის ძალის“ წარმომდგენლების ამ უკანასკნელი ღია წერილის თაობაზე ამერიკის ელჩს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა წინა ბრალდებები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არაერთხელ შეაფასა.

XS
SM
MD
LG