ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CIA-ის დირექტორი: "უკრაინა შესაძლოა პუტინის ყველაზე დიდ მარცხად იქცეს"


ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ამბობს, რომ უკრაინა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად და მარცხად იქცეს.

"ძნელია პუტინისთვის ამ ომის შედეგი დავინახოთ, როგორც არა მარცხი", - თქვა უილიამ ბერნსმა კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვაშინგტონში. "რუსეთი [ამისთვის] ძალიან მძიმე საფასურს გადაიხდის. არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო სისუსტეა უკვე გამოვლენილი, არამედ ასევე იქნება გრძელვადიანი ზიანი რუსული ეკონომიკისთვის და ამის შედეგად რუსების თაობებისთვისაც."

დაზვერვის სამსახურების მაღალჩინოსნებისგან ამგვარი შეფასებები უცხო არაა. ივნისში ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰანესმაც თქვა, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე განთავსებული ძალები იმდენად არის დაქვეითებულ-დაკნინებული, რომ მათ წლები დასჭირდებათ პირვანდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად. ამავე დროს ჰაინესის აზრით, რუსეთის დანაკარგებმა შესაძლოა დაარწმუნოს ვლადიმირ პუტინი ბრძოლა დროებით მაინც შეაჩეროს და არსებითი მოლაპარაკებები აწარმოოს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მიმართ უფრო და უფრო მტკიცე პოზიციას გამოხატავს. მისი განმარტებით, რუსეთს არ დაუწყია სამხედრო ქმედება, ის "მის დასრულებას ცდილობს". ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარები მხოლოდ ანექსირებული ყირიმის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრო-რუსი სეპარატისტების მხარდასაჭერად გაგზავნა. რადგან მათ "უკრაინული მხარისგან დაცვა სჭირდებოდათ". მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი რუსეთს უფრო გააძლიერებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო დონეზე.

XS
SM
MD
LG