ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას უზბეკეთში შეხვდებიან


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს. სი ძინპინთან შეხვედრა მომავალ კვირას უზბეკეთში იგეგმება. სამიტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ.

დასავლეთთან დაპირისპირებული ორი ლიდერის შეხვედრა ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" ფარგლებში იგეგმება. პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ფორუმის ლიდერები სწორედ რუსეთი და ჩინეთი არიან.

პუტინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციასთან გამკლავებას ცდილობს. სი ძინპინი კი ამავე დროს ცდილობს კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტი მესამე, ხუთწლიანი ვადით დაიკავოს. თუმცა, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში შენელებულია, დასავლეთთან ურთიერთობა კი უარესდება.

რუსეთის ელჩი ჩინეთში ანდრეი დენისოვი ამბობს, რომ ორი ლიდერის შეხვედრა ორგანიზაციის სამიტისას, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს შედგება.

თუკი ეს ვიზიტი უზბეკეთში შედგება, ეს პრაქტიკულად სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტი იქნება ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში. სი ძინპინმა ჩინეთი მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთი დღით, ჰონგ-კონგში ვიზიტისთვის დატოვა.

XS
SM
MD
LG