ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მოგზაურობა - უფლება თუ პრივილეგია


„კომპრომისი ბოროტებასთან“ თუ „ღიად დატოვებული ფანჯარა დემოკრატიისკენ“ - ევროკავშირის პირველი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გართულდება, გაძვირდება და შეყოვნდება. თუმცა ევროკავშირში რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის სრულ შეზღუდვაზე კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრაღაში ბლოკის პირველი დიპლომატების შეკრების შემდეგ ამბობდა, რომ პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირსა და რუსეთს შორის "სავიზო ფასილიტაციის შეთანხმება" სრულად გაუქმდება.

"აქამდე ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო შეზღუდული ადამიანთა კონკრეტული შერჩეული ჯგუფებისთვის, ოფიციალური პირებისა თუ მეწარმეებისთვის. ახლა ის სრულად შეიზღუდება. ვიზების მიღება კვლავ შესაძლებელი იქნება. თუმცა ეს ძალიან გართულდება და მოხდება ძალიან შემცირებული რაოდენობით. სიტუაცია [რუსეთის] მეზობელ ქვეყნებში უფრო რთულდება და ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყნებს შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები ეროვნულ დონეზე და შეზღუდონ ნებისმიერი შესვლა ევროკავშირში მათი საზღვრების გავლით. ცხადია, ეს ყოველთვის ევროკავშირის შენგენის სასაზღვრო კოდექსის შესაბამისად უნდა მოხდეს", - განმარტავს ბორელი.

30 წელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ცდილობდნენ რუსების გულებისა და გონების მოგებას. შედეგად, მივიღეთ ომი საქართველოში, ყირიმის ოკუპაცია და ახლა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მოწმენი ვართ. გამოფხიზლების დროა", -
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მაშინ, როცა ევროკავშირის ცა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია, ისინი კვლავ ახერხებდნენ ბლოკის ქვეყნებში მოგზაურობას ერთი მხრივ მეზობელი ქვეყნების სახმელეთო საზღვრის გავლით, მეორე მხრივ კი, სხვა, სატრანზიტო საშუალებებით. ამ ვითარებაში რუსეთის მოქალაქეები არა თუ ძველ გაცემულ ვიზებს იყენებენ აქტიურად, არამედ - ახალ ვიზებსაც იღებენ. ამას კი 2007 წელს ევროკავშირსა და მოსკოვს შორის გაფორმებული „სავიზო ფასილიტაციის ხელშეკრულების“ საფუძველზე გამარტივებული პროცედურებით ახერხებენ.

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ფინეთი - ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან (და ასევე, ბელარუსთან) სახმელეთო საზღვარი აქვთ, შეზღუდვებს მიესალმებიან და ამას აუცილებელ პირველ ნაბიჯად მიიჩნევენ. თუმცა ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა, და რუსებისთვის ვიზების გაცემის და ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრად შესამცირებლად მეტი უნდა გაკეთდეს.

უფლება თუ პრივილეგია - ევროპა რუსი ტურისტების პირისპირ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:51 0:00

"არ მგონია, რომ „სავიზო ფასილიტაციის ხელშეკრულების“ გაუქმება საკმარისი იყოს.", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. "ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არაა ის სრული გზა, რომელსაც რეგიონის ის ქვეყნები ითხოვენ, რომლებსაც ბელარუსთან და რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ“, - განმარტავს გებრიელიუს ლენდსბერგისი.

ეს არ არის რუსი ხალხის ომი, ესაა პუტინის ომი და ჩვენ ამ საკითხის შესახებ ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ", -
ოლაფ შოლცი

თუმცა „მეტის გაკეთებას“ ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის სხვა წევრები. მაგალითად საფრანგეთი და გერმანია. მათი შეხედულებით, ერთი მხრივ, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა მიეხუროთ ბოლო კარი დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, მეორე მხრივ კი, ამით საბოლოოდ წაგებული იქნება ბრძოლა „რუსი ხალხის გულებისა და გონებისთვის“. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი ამას კვლავ სათავისოდ გამოიყენებს და შესაძლოა ამგვარ შეზღუდვას პირიქით, „დროშის ირგვლივ გამაერთიანებელი“ ეფექტიც კი ჰქონდეს.

„ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ დავუწესეთ სანქციები ომზე პასუხისმგებელ პირებს და ბევრ ოლიგარქს, რომლებიც ფინანსურ-ეკონომიკურ მოგებას იღებენ პუტინის რეჟიმისგან და განვაგრძობთ ამის კეთებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის რუსი ხალხის ომი, ესაა პუტინის ომი და ჩვენ ამ საკითხის შესახებ ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ“, - ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

თუმცა „პასუხისმგებლობების“ შესახებ ევროპელი ლიდერების შეხედულებები განსხვავდება. ის, რაც კანცლერი შოლცისთვის „რუსი ხალხის ომი“ არ არის, სხვანაირად ესმის ფინეთის პრემიერს. სანა მარინი პასუხისმგებლობას რუსულ საზოგადოებასაც აკისრებს.

გებრიელიუს ლენდსბერგისი
გებრიელიუს ლენდსბერგისი

„რიგით რუს ხალხს არ დაუწყია ომი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მხარს უჭერენ ომს. ვფიქრობ, არ არის მართებული, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს", - ამბობს სანა მარინი და განმარტავს, რომ სიტუაცია არ არის "შავ-თეთრი", რუსეთშიც ბევრი მოქალაქეა საფრთხის ქვეშ, მაგრამ მას ესმის ევროპელთა იმედგაცრუება იმით, რომ რუსები ევროპაში ისე მოგზაურობენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

„ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა - უფლება“, - ასე პასუხობენ პალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები გერმანელ კოლეგას და განმარტავენ, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლების მასობრივი შედინება, რომელიც მათ ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ ჰყავთ მიჩნეული, სულაც არ სცდება სიფრთხილის ფარგლებს. „ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია“, - ამბობს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.

დაე, მათ იმოგზაურონ „წითელი მოედნის“ გარშემო სანამ ომი გრძელდება და ეს იქნება მათთვის სიგნალი, რომ რაღაც ხდება, რაღაც რიგზე არ არის", -
ლინას ლინკევიჩიუსი

„ეს არ არის [ვინმეს] დასჯა, ეს არის არსებითად ჩვენი თავისთვის შეკითხვის დასმა, არის ევროკავშირში დასასვენებლად დროის გატარება ადამიანის უფლება? მე ასე არ ვფიქრობ. ეს პრივილეგიაა და ქვეყნებმა, როგორც წესი, უნდა დაიმსახურონ ამგვარი პრივილეგია", - ამბობს ლენდსბერგისი და ასევე, განმარტავს, რომ ამ დებატების უდიდესი ნაწილი არ ეხება მოსახლეობისთვის ამ მესიჯის გაგზავნას. ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია. ეს მარტივია. ჩემს ქვეყანაში რუსეთი პარლამენტმა ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. ასე რომ, ცხადია, ჩვენ გვაქვს ვხედავთ პრობლემას იმაში, რომ რუსები მოგზაურობდნენ ჩვენს ქვეყანაში ან ჩვენი და ჩვენი მეზობელი ქვეყნების გავლით [სხვაგან]. ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა აღვიქვათ.“

ლენდსბერგისს ეთანხმება მისი წინამორბედიც, ლინას ლინკევიჩიუსი: „სანქციები არ მუშაობს იმ მაშტაბით, როგორც ჩვენ გვინდა, ეს მხოლოდ მოგვიანებით მოხდება. ახლა კი რაღაც უნდა გაკეთდეს - დაე, მათ იმოგზაურონ „წითელი მოედნის“ გარშემო სანამ ომი გრძელდება და ეს იქნება მათთვის სიგნალი, რომ რაღაც ხდება, რაღაც რიგზე არ არის", - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას და ხსნის, რატომ ფიქრობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა რუს ხალხსაც ეკისრება.

ლინას ლინკევიჩიუსი
ლინას ლინკევიჩიუსი

"ბუჩა, კრემენჩუკი - იქ მომხდარს რუსეთში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, აურზაური და უკმაყოფილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგეს, რომ შეიძლება შენგენის ვიზები დაკარგონ. ეს არასწორია. და მე ვეთანხმები ფინელ, ესტონელ პოლიტიკოსებს და მეც ასე ვფიქორბ, რომ ვიზები არ არის უფლება, ეს პრივილეგიაა და რადგან ომი გრძელდება მიუხედავად ყველაფრისა, მათ უნდა შეწყვიტონ დასვენება და მოგზაურობა და ოდნავ მეტად დაფიქრდნენ იმაზე, რას აკეთებს მათი ქვეყანა დღეს მსოფლიოში. ისინი ამის ნაწილი არიან. დიახ, ყველა მათგანი პერსონალურად არ მონაწილეობს [ომში], მაგრამ ისინი ამ დანაშაულის ნაწილი არიან, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა", - ამბობს ლინკევიჩიუსი.

რუსი ხალხის „გულებისა და გონების“ მოსაგებად ბრძოლა დიდი ხნის წინ წაგებულად მიაჩნია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი აზრით, ევროპისა და ევროპული ღირებულებების გაცნობას დადებითი შედეგი რომ ჰქონოდა, მსოფლიო არც აგვისტოს ომს იხილავდა, და არც - ყირიმის ანექსიას.

„ვფიქრობ, ჩვენ ეს უკვე ვცადეთ და მწარედ დავმარცხდით. სამი ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები არ უსმენდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ცდილობდნენ [რუსების] გულებისა და გონების მოგებას. ჩვენ ძალიან დიდ თანხებს ვიხდიდით გაზში, ვეპატიჟებოდით ტურისტებს და რას აღარ ვაკეთებდით. ამის შედეგად, მივიღეთ ომი საქართველოში 2008 წელს, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია და ახლა ვხედავთ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს. აი ეს არის ის, თუ რამდენი გული და გონება მოვიგეთ რუსეთში. გამოფხიზლების დროა", - ამბობს ლენდსბერგისი.

მოსკოვი სავიზო შეზღუდვების შესახებ განხილვებს ყურადღებით აკვირდებოდა, თუმცა გამოთქმულ შეშფოთებას, როგორც ხშირად, ახლაც აბსურდად აფასებს. კრემლის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ „დასავლეთის ქვეყნები სამწუხაროდ უფრო და უფრო მეტად კარგავენ გონიერებას.

ნაცისტები რომ 1940 წელს დასასვენებლად მაიამიში ჩასულიყვნენ, სანამ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა, ეს სასაცილო იქნებოდა და ვფიქრობ, სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ",
- ტომას ილვესი

ედგარს რინკევიჩი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "რკინის ფარდის" ჩამოფარებაზე მხოლოდ რუსული მხარეა პასუხისმგებელი: „ჩვენ 30 წლის განმავლობაში გავცემდით ვიზებს რუსებისთვის იმის იმედად, რომ ქვეყანა შეიცვლებოდა, ის კი მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. ის „რკინის ფარდა“, რომელსაც ხშირად ახსენებენ, ევროკავშირს არ ჩამოუფარებია. ეს რუსეთის ფედერაციამ ჩამოაფარა უკვე „რკინის ფარდა“ უკრაინაში მისი ქმედებებით“, - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ესტონეთის პირველი დიპლომატი კი მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი დასავლეთისგან ძლიერ ნებას არ დაინახავს, ეს „ბოროტებასთან კომპრომისზე წასვლის“ ტოლფასია. ესტონეთი რუსებისთვის არა თუ მხოლოდ ახალ ვიზებს აღარ გასცემს, არამედ ქვეყანაში აღარც რუსეთის იმ მოქალაქეებს უშვებს, ვისაც ტალინის მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა უკვე აქვს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის საზოგადოებაზე წნეხისთვის. ჩვენ ასევე უნდა გამოვფხიზლდეთ, ეს მათი მორალური პასუხისმგებლობაცაა, რომ მათი პასიურობა ერთგვარ ლეგიტიმაციას აძლევს იმ საშინელებებს, რომლებსაც რეჟიმი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ და ვაჩვენოთ ჩვენი თავდადება იმისადმი, რომ ჩვენი ნება რუსეთის ნებაზე ძლიერია", - ამბობს ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კი ფიქრობს, რომ თუკი რუს ტურისტებთან დაკავშირებულ ვითარებას 40-იანი წლების დასაწყისს შევადარებთ, ისტორიული პარალელი აკრძალვების საჭიროებას კიდევ უფრო ნათელს გახდის.

ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების გზით
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:20:06 0:00

„ჩვენ ძალიან მტკიცედ გვჯერა, რომ თუ თქვენ შეიჭერით ქვეყანაში, მაშინ ნამდვილად არ უნდა გქონდეთ ევროპაში მოგზაურობის პრივილეგია. შედარებისთვის მაგალითი იქნებოდა ის, რომ ნაცისტები დასასვენებლად მაიამიში ჩასულიყვნენ 1940 წელს, სანამ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა. ეს სასაცილო იქნებოდა და ვფიქრობ, სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, ჩამოსული რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ავიწროებენ, რაც მე სრულიად ამაზრზენ და წარმოუდგენელად უსინდისო საქციელად მიმაჩნია. მათ აქვთ ვიზები ევროპაში ჩასასვლელად და ამ ქვეყნებში ჩადიან და ავიწროებენ უკრაინელებს, რომლებსაც თავის გადასარჩენად საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდათ - ეს ამაზრზენია. ეს ჩვენი, ბევრი ესტონელის და ასევე სხვების შეხედულებაა", - ამბობს ილვესი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს, „ფრონტექსის“ მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ ამ დრომდე, ევროკავშირის საზრვარი მხოლოდ სახმელეთო გზით რუსეთის მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა, მათი უმეტესობა ბლოკში ფინეთისა და ესტონეთის გავლით შევიდა. ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას არასაკმარისად მიიჩნევენ, რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვებს ბლოკისგან დამოუკიდებლად, მასზე უფრო მეტად ამკაცრებენ. ის, რაც ვერ გადაწყდა ევროკავშირის მასშტაბით, რეგიონულ დონეზე წყდება.

XS
SM
MD
LG