ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის, ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან


თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის ოფიციალური წარმომადგენლები ფინეთში იკრიბებიან. შეხვედრის მიზანი თურქეთის მიერ წამოყენებული საკითხების განხილვაა. ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებ მუშაობის პირობაც იმის საწინდარი გახდა, რომ ანკარა ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდებოდა. ნატოს მადრიდის სამიტზე სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ თქვა, რომ ოფიციალური პირების შეხვედრის მიზანი გაცნობა, კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის მიზნების დასახვაა.

შვედეთმა და ფინეთმა, ნატოს წევრობის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღეს. მათი წევრობის მოთხოვნას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა. ანკარა მათ თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული გაერთიანების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში და თურქეთის მიმართ იარაღის ემბარგოში ადანაშაულებდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედეთსა და ფინეთს თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადიცია მოსთხოვა. თუმცა შვედეთი და ფინეთი ამტკიცებენ, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერით მათ კონკრეტული პირების ექსტრადიციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის ადგილისა და კონკრეტული დროის შესახებ საუბარზე უარი განაცხადა. მინისტრის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და თუკი ფინეთის მხარე განაცხადებს, სად და როდის იქნებიან თურქეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ეს მათი მხრიდან მართებული ნაბიჯი არ იქნებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG