ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის ვიქტორ ბუტი, რომელიც შესაძლოა ამერიკელებში გაცვალონ?


რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი
რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი

აშშ-ში პატიმრობაში მყოფი რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის ცხოვრება ხანდახან ჩახლართულ საჯაშუშო რომანს წააგავს. ამჯერად, ის დაკავშირებულია ამერიკასა და რუსეთს შორის პატიმრების შესაძლო გაცვლასთან.

27 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონმა რუსებს გაუკეთა „მნიშვნელოვანი შეთავაზება“ გაეთავისუფლებინათ კალათბურთის ქალთა ეროვნული ასოციაციის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. ბლინკენმა უარი თქვა დაეზუსტებინა თუ გრინერის და უელანის სანაცვლოდ აშშ რას სთავაზობდა. ვითარებაში ჩახედულმა წყარომ კი დაადასტურა „სი ენ ენის“ ცნობა, რომ შეთანხმების ნაწილად, ვაშინგტონი ბუტის გაცვლას განიხილავდა.

55 წლის ვიქტორ ბუტი, 2008 წელს მის დაპატიმრებამდე, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ძებნილი იყო. ის ცნობილი იყო მეტსახელებით „სიკვდილით მოვაჭრე“.

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ბუტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ იარაღით მოვაჭრედ იქცა. ის საქონელს ჰყიდდა კორუმპირებულ მთავრობებზე, მეამბოხე ჯგუფებზე და აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის სისხლიან სამხედრო რეჟიმებზე.

ის იმდენად ცნობილი იყო, რომ 2005 წელს ჰოლივუდმა ის პროტოტიპად გამოიყენა ფილმში „ომის მეფე“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

ბუტი 1967 წელს დუშანბეში დაიბადა. საბჭოთა არმიაში სამსახურის დროს, სამხედრო თარჯიმნად მუშაობდა, მათ შორის ანგოლაში, ქვეყანაში რომელმაც მოგვიანებით მისი ბიზნესისთვის ცენტრალური ადგილი დაიკავა. ნიჭიერი ლინგვისტი ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, არაბულ და სპარსულ ენებს ფლობდა, რაც იარაღით უკანონო ვაჭრობის იმპერიის აშენებაში დაეხმარა.

მისი ბიზნესის ბაზა სპარსეთის ყურის საემირო შარჯაჰში იყო განლაგებული და ერთი შეხედვით უწყინარ ბიზნესად გამოიყურებოდა, თვითონ კი მუდამ ირწმუნებოდა რომ კანონიერი მეწარმე იყო და პატივსაცემ კლიენტებს ემსახურებოდა.

ბუტი ყოველგვარი იდეოლოგიური დატვირთვისგან თავისუფალ ბიზნესს აწარმოებდა და იარაღით ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებსაც ამარაგებდა. მის კლიენტებს შორის იყვნენ ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი, რომელიც მკვლელობის, გაუპატიურების და ტერორიზმის გამო ამჟამად 50 წლიან სასჯელს იხდის, კონგოს სხვადასხვა დაჯგუფებები და ფილიპინების ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფი „აბუ საიაფი“.

ბუტი 2008 წელს ბანგკოკში, რთული საგამოძიებო ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. ამერიკელმა აგენტებმა, რომლებმაც თავი კოლუმბიის მემარცხენე დაჯგუფების „ფარკის“ წარმომადგენლებად გაასაღეს, ბუტისგან მიიღეს თანხმობა 100 „მიწა-ჰაერი“ რაკეტის მიყიდვაზე, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების მოსაკლავად უნდა გამოეყენებინათ.

„ფარკთან“ დაკავშირებული ბრალით, რომელიც ბუტმა არ აღიარა, 2012 წელს მას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ, რუსეთის სახელმწიფოს მისი უკან დაბრუნება სურდა.

ექსპერტების აზრით, ბუტის მიმართ რუსეთის სახელმწიფოს უწყვეტი ინტერესი და ამასთან ერთად მისი უნარები და იარაღის საერთაშორისო ბაზარზე ჩამოყალიბებული კონტაქტები, რუსეთის დაზვერვასთან მის კავშირზე მყარად მიანიშნებს. ბუტმა ინტერვიუების დროს თქვა, რომ უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც სამხედრო დაზვერვის ოფიცრების სასწავლო ბაზაა.

XS
SM
MD
LG