ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი „სიკვდილით მოვაჭრე“ ბრალდებებს უარყოფს


რუსი „სიკვდილით მოვაჭრე“ ბრალდებებს უარყოფს

დუგლას ფარას ახალი წიგნი სახელწოდებით „სიკვდილით მოვაჭრე“ ვიქტორ ბუტის არალეგალურ მოღვაწეობას გაგვაცნობს.

იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი რუსი ეროვნების ვიქტორ ბუტი უარყოფს ბრალდებებს. დუგლას ფარას ახალი წიგნი სახელწოდებით „სიკვდილით მოვაჭრე“ სწორედ მის არალეგალურ მოღვაწეობას გაგვაცნობს.

როგორც დარა აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალების ყოფილმა ოფიცერმა, ცივი ომის დასრულებისთანავე, საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ იარაღით ვაჭრობა დაიწყო:

"დასრულდა რა საბჭოთა ტირანია, ბუტმა განჭვრიტა, რომ დიდი რაოდენობის იარაღი და სამხედრო მასალა უფუნქციოდ რჩებოდა, შეიარაღებული ძალებს ხელფასებს აღარ უხდიდნენ, შესაბამისად, იარაღის მოპოვება იაფ ფასებში გახდა შესაძლებელი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ათასობით სამხედრო თვითმფრინავი იყო გაბნეული. ბუტმა ეს ორი შესაძლებლობა ერთმანეთს დაუკავშირა და სწორედ ამ უმოქმედო თვითმფრინავების საშუალებით დაიწყო საერთაშორისო ასპარეზზე იარაღის გატანა და ვაჭრობა".

ფარა იქვე აღწერს ბუტის მიერ განხორციელებულ პროექტებს:

"გაერო, აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი ბუტს ლიბერიასა და სიერა ლეონიში იარაღით ვაჭრობაში სდებენ ბრალს. ამასთანავე, ბუტი აქტიურად თანამშრომლობდა ანგოლას მეამბოხეთა დაჯგუფებებთანაც. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტთან მობუტო სესე სეკოსთან, ზაირის მეამბოხე დაჯგუფების ლიდერთან, კონგოს ყოფილ პრეზიდენტთან ლორენ კაბილასთან. შესაბამისად, ბუტი ორმაგი თამაშის დიდოსტატი იყო".

დუგლას ფარა ამბობს, რომ ბუტს არასდროს უთანამშრომლია ალ ყაიდასთან, თუმცა მჭიდროდ ურთიერთობდა ავღანეთში თალიბებთან. ფარა წიგნში აღწერს, თუ რამ განაპირობა ბუტის მათთან თანამშრომლობა:

"ბუტის ერთერთი ოპერაციის დროს , იარაღით დატვირთულ თვითმფრინავს ავღანეთში, თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოუწია დაჯდომა. თალიბმა მეამბოხეებმა იარაღით დატვირთული თვითმფრინავი ხელთ ჩაიგდეს და თვითმფრინავის ეკიპაჟი და ბუტის თანამზრახველები მძევლად აიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მათ შორის მოლაპარაკება. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეები გაათავისუფლეს და ბუტმა მათთან თანამშრომლობა დაიწყო."

ოცი წლის განმავლობაში ბუტი იარაღის ვაჭრობის არალეგალურ ბიზნეს აწარმოებდა და ნებისმიერ გადამხდელს ამარაგებდა იარაღით. ამავე დროს ახერხებდა ხელშეუხებლობის სტატუსის შენარჩუნებას.

წიგნის მიხედვით, ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს. მისი დაპატიმრების ოპერაცია აშშ-ის ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის ადმინიტრაციის ჯაშუშებმა ითავეს. ისინი მეამბოხე მოძრაობის, კოლუმბიის რევოლუციური ძალების წევრებად ასაღებდნენ თავს:

"დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის პირდაპირი თუ სატელეფონო მოლაპარაკებები. საბოლოოდ ბუტი ბანკოკში შეხვედრას დათანხმდა. მოლაპარაკება საჰაერო ნაღმებისა და აშშ-ის მიერ დამონტაჟებული რაკეტსაწინაღო რადარების მწყობრიდან გამომყვან უპილოტო თვითმფრინავებს ეხებოდა. შეხვედრისას ბუტმა აღნიშნა, რომ ეს იარაღი ამერიკელების მოსაკლავად იქნებოდა გამოყენებული. კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი. სწორედ მათთან თანამშრომლობა გაამწესებს ბუტს ციხეში დიდი ხნით. "

ორწლიანი ბრძოლის შემდეგ ბუტის ტაილანდიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოახდინეს. თუმცა ის უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ რიგითი ბიზნესმენია და იარაღით არალეგალურად ვაჭრობასთან არაფერი აკავშირებს . მას რუსი პოლიტიკოსებიც უმაგრებენ მხარს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ბუტის ექსტრადიცია არალეგალური გზით მოხდა და პირობა დასდო, რომ ოფიციალური მოსკოვი ბუტის, როგორც რუსეთის მოქალაქის უფლებებს დაიცავს და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას გაუწევს.

ფარა ამბობს, რომ ბუტს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებში ახლო მეგობრები და თანამზრახველები ჰყავს. რუსეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ბუტი ბევრ ინფორმაციას გაამჟღავნებს:

"ოფიციალური მოსკოვი შეშინებულია სხვადასხვა მიზეზების გამო : არსებობს საშიშროება, რომ რუსეთის ოფიციალური პირები ეჭვმიტანილთა სიაში აღმოჩნდებიან, ბუტი მათი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას გამოააშკარავებს და რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს გეგმებსა და პროექტებს ნათელს მოჰფენს. რა თქმა უნდა, ოფიციალური მოსკოვი ამის გამო ძალზე დამფრთხალია."

თუმცა ფარა ამბობს, რომ მარტო რუს ოფიციალურ პირებს როდი ემუქრებათ საფრთხე. ბუტის დაკითხვისას კიდევ ბევრი სხვადახვა ქვეყნის ოფიციალური პირების შავბნელი საქმეები გამოაშკარავდება:

"ვიქტორ ბუტის ირაღით არალეგალური ვაჭრობის ფაქტების გამჟღავნება არ აწყობს ამერიკას, ბრიტანეთსა და გაეროს . ბუტი წლების განმავლობაში სარგებლობდა ხელშეუხებლობის სტატუსით. მას შეეძლო ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი მასალა გადაეტვირთა. თუ მოვქექავთ ბუტის მოღვაწეობას - ბევრ პოლიტიკოსს გავანაწყენებთ."

გასულ კვირას, ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში ვიქტორ ბუტმა უარყო ამერიკის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება.

XS
SM
MD
LG