ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკების გზით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი განახლდება


ჯოზეფ ბორელმა, ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, დღეს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, მიმდინარე კვირაში, მოლაპარაკებების გზით, რუსეთი შეწყვეტს ოკუპირებული უკრაინული პორტების ბლოკადას და მისცემს უკრაინას საშუალებას, მარცვლეული ექსპორტზე გაიტანოს.

უკრაინაში მიმდინარე ომმა უკვე დიდი ზიანი მიაყენა მთელ მსოფლიოს საკვების მიწოდების მიმართულებით. აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილი, დიდწილად, სწორედ უკრაინიდან იღებს მარცვლეულს. რუსების მიერ პორტების ჩაკეტვამ კი მსოფლიოს მასშტაბით საკვების სიმცირე და სასურსათო კრიზისი გამოიწვია.

ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრის დრო, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა მისცეს უკრაინას საშუალება, გააგრძელოს მოსავლის ექსპორტი. მისი თქმით, სხვაგვარად, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს თქვას, რომ რუსეთი სურსათს იარაღად იყენებს და არ აგდებს სათვალავში ადამიანების სიცოცხლეს.

"ეს არაა დიპლომატიური თამაში. ეს უამრავი ადამიანის სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია",- თქვა ბორელმა.

გასულ კვირას, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც. მისი თქმით, არსებობს "ფართო შეთანხმება" რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებაზე, რომელშიც თურქეთი და გაერო არიან ჩართული, რათა მოხდეს მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი.

მიმდინარე კვირაში, ევროკავშირის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე ისაუბრონ. განიხილავენ სამხედრო დახმარების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკვე არსებული სანქციების გამკაცრების საკითხსაც. დიდი ალბათობით, მინისტერიალზე იმსჯელებენ იმაზეც, უნდა აიკრძალოს თუ არა ევროკავშირში რუსული ოქროს ექსპორტი.

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრის დროს, ბორელმა ყურადღება რუსულ გაზზეც გაამახვილა და თქვა, რომ ამასაც, რუსეთი ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად იყენებს, თუმცა, ევროპელი ლიდერები გეგმას ამზადებენ, რათა "გაუმკლავდნენ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას" და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG