ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თქვენ იზიარებთ პასუხისმგებლობას უდანაშაულო სიცოცხლეთა მოსპობაში - უთხრა ჯანეტ იელენმა რუსეთის დელეგაციას


დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიაში, 15 ივლისი, 2022 წ.

დასავლეთის ფინანსთა მინისტრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაგმეს მოსკოვის თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის ოფიციალურ პირებს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ დანაშაულთა ჩადენაში წაუყენეს.

დიდი ოცეულის და სხვა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ უწყებათა ლიდერები ინდონეზიაში შეიკრიბნენ. ბალიში ორდღიანი შეხვედრები საბაზრო რყევების, ინფლაციის, საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების პირობებში დაიწყო.

"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ უარყოფით მეორად შედეგებზე, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში ხდება... თქვენ იზიარებთ პასუხისმგებლობას უდანაშაულო სიცოცხლეთა მოსპობაში" - უთხრა გამხსნელ სესიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა რუსეთის დელეგაციის წევრებს.

მას კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტინა ფრილანდიც შეუერთდა, რომელმაც რუსეთის დელეგაციას უთხრა, რომ ისინი უკრაინაში "ომის დანაშაულის" ფაქტებზე არიან პასუხისმგებელნი, რადგან მხარს უჭერენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. "მხოლოდ გენერლები არ სჩადიან ომის დანაშაულს, არამედ ეკონომიკური ტექნოკრატებიც, რომლებიც უშვებენ იმას, რომ ომი მოხდეს და გაგრძელდეს" - განაცხადა ფრილანდმა.

შეხვედრებში უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერჰი მარჩენკო და რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ვირტუალურად მონაწილეობენ. ბალიში მოსკოვმა სილუანოვის მოადგილე, ტიმურ მაქსიმოვი გააგზავნა. ამერიკის და კანადის ბრალდებები სწორედ მან მოისმინა.

დიდი ოცეულის შეხვედრებზე ისაუბრეს ენერგო და სასურსათო კრიზისზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ ამ კრიზისების წინააღმდეგ ზომები სასწრაფოდ არ იქნა მიღებული, ეს ყოველივე კატასტროფას გამოიწვევს. "უმოქმედობის საფასური იმაზე მეტია, რისი გადახდის საშუალებაც გვაქვს" - უთხრა დამსწრეთ მიმართვაში ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა სრი მულიანი ინდრავატიმ. მისი თქმით, "ჰუმანიტარული შედეგები მსოფლიოსთვის და ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG