ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულება: "უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს"


უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საომარი ქმედება გრძელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების გაგრძელების შემთხვევაშიც კი, რუსეთისთვის რაიმე ტერიტორიის დათმობის შესაძლებლობა არსებობს და რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ არის.

"უკრაინის მიზანი ამ ომში ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სრული სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ესაა მოლაპარაკებებზე ჩვენი საბოლოო პოზიცია", - განაცხადა დმიტრო კულებამ ოთხშაბათს გამართული ბრიფინგისას.

რუსეთი უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით ახლა უკვე არაერთ ტერიტორიას აკონტროლებს, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო პორტებს და დონბასის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ლუჰანსკის ოლქს - მთლიანად და დონეცკის ოლქს - ნაწილობრივ. რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები ამ კვირაში თურქეთში ხვდებიან ერთმანეთს. განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი მარცვლეულის ექსპორტის თემაა, რაც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრომდე უკრაინული პორტების ოკუპირების პარალელურად, რუსეთი ქვეყანას ექსპორტის შესაძლებლობას არ აძლევს.

კულება ამბობს, რომ მოლაპარაკება ამ ეტაპზე სხვა საკითხებს არ შეეხება. "ამჟამად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა თემაზე რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან რუსეთის პოზიცია და აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ გრძელდება", - ამბობს უკრაინის პირველი დიპლომატი.

XS
SM
MD
LG