ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი წარმატებებს აცხადებს, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის გმირული დაცვა გრძელდება


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონში თავისი ჯარის მოქმედება შეაქო და თქვა, რომ რუსეთი დიდ წინააღმდეგობას არ ელოდა, რუსეთმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ დონბასის თითქმის ყველა პროვინციაზე კონტროლი მოიპოვა.

კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის პროვინციის 97 პროცენტს აკონტროლებს.

სამშაბათსვე, ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ „დონბასის აბსოლუტურად გმირული დაცვა გრძელდება“. მან დაამატა, რომ გასული დღის განმავლობაში რუსეთს მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათ დილით მსგავსი შეფასება გააკეთა და ამბობს, რომ 24 საათის განმავლობაში არც ერთ მხარეს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი მრავალი მიმართულებიდან უტევდა, მაგრამ უკრაინის თავდაცვა პოზიციებს ინარჩუნებდა.

რუსეთიც და უკრაინაც აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის ცოცხალ ძალას უზარმაზარი ზარალი მიაყენეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, მოწინავე სარაკეტო სისტემების გამოყენების სწავლება დაიწყო.

საზღვაო ქვეითების ლეიტენანტ კოლონელმა (პოდპოლკოვნიკი) ენტონ სემელროთმა თქვა, რომ მაღალი მობილურობის სარტილერიო რაკეტულ სისტემებზე (HIMARS) წვრთნა გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს.

ნორვეგიამ განაცხადა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს გერმანიაში M109 თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენებას ასწავლის, რომლის 22 ერთეულსაც ის უკრაინას აწვდის.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა თქვა, რომ ეს საჩუქარი, რომელიც სათადარიგო ნაწილებს და საბრძოლო ჭურვებსაც შეიცავს, საფუძვლიანი წვლილია იმ დახმარებაში, რომელიც უკრაინას ძალიან სჭირდება.

XS
SM
MD
LG