ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლის მცველთა ნაწილის ცხედრები რუსეთმა უკრაინას გადასცა


მარიუპოლის ზოგიერთი გარდაცვლილი მცველის ცხედარი, რუსულმა ძალებმა უკრაინულ მხარეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზოვის ბატალიონის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცებისგან იცავდნენ, ფოლადის ქარხანაში კვირების განმავლობაში ალყაში იყვნენ მოქცეულნი. მებრძოლები უკრაინის მთავრობის ბრძანების შესაბამისად, რუსულ მხარეს ჩაბარდნენ. მათი ბედის და ადგილმდებარეობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. რუსულ მხარეს ახლა სავარაუდოდ მარიუპოლის მცველთაგან 2000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჰყავს დატყვევებული. კიევი პატიმართა გაცვლას ცდილობს, თუმცა რუსი კანონმდებლები მათ გასამართლებას მოითხოვენ.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ცხედარი გადასცეს კიევს პირველი გაცვლისას. როგორც ირკვევა, ეს გასულ კვირას 160 ცხედრის გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.

"[კიევისთვის] გადმოცემული ცხედრების მესამედი "აზოვის" მებრძოლებისაა, სხვა მებრძოლების ვინაობა და მათი საბრძოლო დანაყოფების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ზუსტდება", - ვკითხულობთ ოჯახის წევრთა განცხადებაში.

რუსეთი "აზოვის ბატალიონს", "ნაცისტურ" მილიციად მოიხსენიებს, რომელსაც მათი მტკიცებით რადიკალური ულტრა-მემარჯვენე შეხედულებები აქვს. უკრაინული მხარე ამ მტკიცებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბატალიონის რეფორმირება და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მისი ინტეგრირება მოხდა.

XS
SM
MD
LG