ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტი და სხვა სამოქალაქო უფლებები საფრთხის ქვეშ?


ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტის კანონიერების შესახებ მსჯელობა მწვავდება. უზენაესი სასამართლოდან მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც გამოცემა "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული უმრავლესობა მზადაა შეცვალოს აბორტის კანონიერების შესახებ სასამართლოს 50 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება საქმეში "როი უეიდის წინააღმდეგ".

ამ საკითხზე მოსაზრებების სამუშაო ვერსიის გაჟონვიდან საბოლოო კენჭისყრამდე, მოსამართლეებმა შესაძლოა, აზრი შეიცვალონ, მაგრამ ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქორწინებასთან, სქესთან და გენდერთან, ოჯახთან დაკავშირებულ არაერთ სამოქალაქო უფლებას, მათ შორის ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებისა და ოჯახის დაგეგმვის თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ჯონ რობერტსმა ამ დოკუმენტის ნამდვილობა დაადასტურა და თქვა, რომ მისი პრესაში მოხვედრის გარემოებებს გამოძიება დაადგენს.

ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ელისაბედ სეპერი, ჯანდაცვის კანონმდებლობისა და რელიგიის საკითხების ექსპერტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენოს საფრთხის ქვეშ, რომელიც ამერიკელ ხალხს სამუდამოდ გარანტირებული არ უნდა ეგონოს.

სასამართლოს 9წევრიანი შემადგენლობა ახლა კონსერვატორთა სასარგებლოდაა გადახრილი - 6-3.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც განმარტა, რომ ამერიკის კონსტიტუციით გარანტირებული პერსონალური დაცულობის უფლება თავის მხრივ იცავს ქალის უფლებასაც შეწყვიტოს თავისი ორსულობა.

მოსამართლე ალიტოს განმარტებით, აბორტის შესახებ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას შესაბამისი პროცესების შესახებ. აბორტი ერთ-ერთია იმ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სასამართლომ მიიღო. ამ პრეცედენტული გადაწყვეტილებებით გარანტირებული უფლებები ამერიკის კონსტიტუციაში პირდაპირ არაა ნახსენები. შესაბამისად გადაწყვეტილებები ეფუძნება ისეთ უფლებებს, როგორებიცაა პირადი ცხოვრების საიდუმლოების, დამოუკიდებლობის, პერსონალური ღირსებისა და თანასწორობის შესახებ არსებული უფლებები. კონსერვატორი კრიტიკოსები ამბობენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ამგვარი განმარტება გაუმართლებელია და ამგვარ გადაწყვეტილებას სჯობს კანონმდებლები იღებდნენ. მოსამართლე ალიტოს განმარტებით, ეს უფლებები "ღრმად ფესვგამდგარი უნდა იყოს ამერიკის ისტორიასა და ტრადიციებში და ქვეყნის თავისუფლებებს უნდა შეესაბამებოდეს. აბორტი კი მისი აზრით, არ არის ასეთი უფლება და არ უნდა იყოს გარანტირებული პირადი დაცულობისა და საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურ უფლებებზე დაფუძნებით.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კონსერვატული სასამართლოს შემდეგი სამიზნე შეიძლება ამერიკის ისტორიაში ასევე ე.წ. "ფესვგაუდგმელი" უფლებები აღმოჩნდეს, მათ შორის კონტრაცეფციისა და ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ.

XS
SM
MD
LG