ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის გათვლებით, უკრაინისთვის დღემდე მიყენებული ზარალი $60 მილიარდია


სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევისა და დაზიანების შედეგად უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, 60 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი უკვე მიადგა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ხუთშაბათს განაცხადა.

მალპასის თქმით, ამ ეტაპზე გაკეთებული შეფასება მხოლოდ „ვიწრო“ მონახაზია, რადგან ის არ მოიცავს უკრაინაში მიმდინარე ომის მზარდ ეკონომიკურ ზარალს.

”რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯები იზრდება”, თქვა მან.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო კონფერენციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალურად მიმართა. მის მიერ წარმოდგენილი ზარალი და ხარჯები გაცილებით დიდი იყო, ვიდრეს ეს მსოფლიო ბანკმა განაცხადა. ზელენსკიმ კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ უკრაინას თვეში 7 მილიარდი დოლარი სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსეთის მიერ წარმოებული ომით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს თავი გაართვას.

”და ჩვენ დაგვჭირდება ასობით მილიარდი დოლარი ამ ყველაფრის აღსადგენად”, თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გლობალურ საზოგადოებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამორიცხონ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, მათ შორის მსოფლიო ბანკიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ზელენსკის თქმით, ყველა ქვეყანა "დაუყოვნებლივ მზად უნდა იყოს რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტისთვის".

XS
SM
MD
LG