ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2021 წელს


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ იყო მინიშნებები იმის შესახებ, რომ ხანდახან სამოქალაქო ხელისუფლება შიდა უსაფრთხოების ძალებზე ეფექტურ კონტროლს არ ინარჩუნებდა და იყო სარწმუნო ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალების წევრებმა სავარაუდოდ გარკვეული გადაცდომები ჩაიდინეს.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სარწმუნო საკითხების რიცხვში იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიებების და სასამართლო დევნის სერიოზული პრობლემები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმებოდა.

მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოძიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის უუნარობამ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების დამაჯერებელი გამოძიება და სასამართლო დევნა განეხორციელებინა, იმ გადაცდომების დაუსჯელობა გამოიწვია. ანგარიშვალდებულების უქონლობა გაგრძელდა 2019 წლის დემონსტრაციების დროს, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენების და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, ავღან მუხთარლის გატაცებისა და საქართველოდან გადაცემის შემთხვევებზეც.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიხატა უკანონო დაკავებებით, გადაადგილების შეზღუდვით და ეთნიკური ქართველებისთვის ქონების ფლობის ან ბიზნესის რეგისტრაციის შესაძლებლობის შეზღუდვით.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას რეგიონში რეგულარული წვდომის საშუალებას არ აძლევს და განდევნილ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას არ აძლევს. რუსული „ბორდერიზაცია“ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავს. ორივე რეგიონში რუსულმა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა ადამიანის უფლებების დარღვევები დაუსჯელად ჩაიდინეს.

პიროვნების უსაფრთხოების პატივისცემასთან დაკავშირებით, მთავრობის ან მისი აგენტების მიერ თვითნებური ან უკანონო მოკვლის შესახებ ცნობები არ არსებობს. წლის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო უკანონო მოკვლის შესახებ ცნობა გავრცელდა, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება.

მთავრობის მიერ ან მისი დავალებით ადამიანის გაუჩინარების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არსებობს.

წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და დასჯას რაც შეეხება, კონსტიტუცია ასეთ ქმედებებებს კრძალავს, მაგრამ არაეფექტური გამოძიებები, მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ასეთ დარღვევებთან ბრძოლას მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის.

ციხეებში და საპატიმრო ადგილებში პირობები ზოგადად ადექვატური იყო, თუმცა ზოგიერთ ძველ დაწესებულებაშიარ იყო საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი შუქი, მინიმალური სივრცე და ადექვატური ჯანდაცვა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ციხის პირობები ქრონიკულად სტანდარტებს მიღმა იყო.

სასამართლო სისტემის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ცვლილებების გატარების მიუხედავად, მოსამართლეების მცირე, გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემას არა მართლმსაჯულების, არამედ საკუთარი კერძო ინტერესების სასარგებლოდ მართავს.

პირად კომუნიკაციებში უკანონო ჩარევის საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სხვებმა ხელისუფლებას ბრალი უკანონო ელექტრონულ თვალთვალში დასდეს. კერძოდ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. სამოქალაქო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საიდუმლო თვალთვალის სისტემის, პოლიტიკური ნეიტრალურობის და სუსტი ზედამხედველობისგამო შეშფოთება გამოთქვეს.

გამოხატვის თავისუფლების საკითხში, სახალხო დამცველის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშიაჭნიშნა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევების გამართული სტატისტიკა ქვეყანაში არ არსებობდა.

ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია აქტიურად მუშაობდა და შეხედულებების ფართო სპექტრს გამოხატავდა. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის და კომუნიკაციების კომისიის მმართველ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ და ირწმუნებოდნენ რომ სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ იხრებოდა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა/საქართველო“-ს თანახმად, 2020 წლის ოქტომბრიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის 93 შემთხვევა აღირიცხა. ასევე აღირიცხა ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების 55 შემთხვევა.

ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა შეუზღუდავია და მასალების ცენზურა არ ხდება.

კონსტიტუცია მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლებებს უზრუნველყოფს, მაგრამ ანგარიშის თანახმად, ამ უფლებების პატივისცემა არათანაბრად ხდება. ანგარშში მოყვანილია 5 ივლისის მაგალითი, როდესაც პოლიციამ „პრაიდის“ მონაწილეების დასაცავად შესაბამისად არ იმოქმედა და დაახლოებით 3 ათასმა უკიდურესად მემარჯვენე დემონსტრანტმა ეს ღონისძიება ჩაშალა და 50 მეტ ჟურნალისტს თავს დაესხა. პრემიერ-მინისტრმა ძალადობაზე ბრალის „პრაიდისთვის“ დადების გასამართლებლად ვარაუდი გამოთქვა, რომ მოსახლეობის 95 პროცენტი იმ ღონისძიების წინააღმდეგი იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები რიგ პრობლემებს აწყდებოდნენ. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ავღანეთის, ერითრეის, ირანის, ერაყის, სირიის და იემენის მოქალაქეები, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე თაბშესაფარზე ავტომატურ უარს იღებდნენ. თურქეთის და აზერბაიჯანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ კი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღეს. თავშესაფრის მინიჭების საქმეების სიმრავლე, განხილვის მნიშვნელოვან დაგვიანებას იწვევს.

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია დამაჯერებელი ცნობები, რომელიც პოლიტიკური ძალადობის გაგრძელებას ეხება. ნათქვამია, რომ დაშინება, ამომრჩევლებზე და კანდიდატებზე წნეხი და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის საზღვრებს კიდევ უფრო შლიდა. ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ ქართველებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აღკვეთილი აქვთ.

კორუფციასა და მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მთავრობამ ქვედა დონის კორუფციის წინააღმდეგ კანონმდებლობა ეფექტურად დანერგა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ განცხადებებს, რომ სუსტი კონტროლი და ბალანსი, სამართალდამცავი სააგენტოების დამოუკიდებლობის არარსებობასთან ერთად, ზედა ეშელონში კორუფციას ხელს უწყობს.

ადამიანის უფლებადამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები მეტწილად მთავრობის მხრიდან შეზღუდვების გარეშე მუშაობდნენ. მთავრობის ოფიციალური პირები მათი შეხედულებების მიმართ ერთგვარ მიმღებლობას ავლენდნენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუზღუდავი წვდომა კვლავ არ ჰქონდა.

რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით, სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის ზოგიერთი შემთხვევის შესახებ ცნობები გამოაქვეყნეს. წლის ბოლოსთვის, ოფისმა ეთნიკური წარმოშობის ნიადაგზე დისკრიმინაციის შესახებ 15 განცხადება მიიღო. სამართალდამცავების მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ განცხადებები არ ყოფილა.

ანგარიში მოიცავს სახელმწიფო და სოციალური სფეროს ყველა ასპექტს, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებებს, სქესობრივ ორიენტაციაზე და სქესობრივ იდენტობაზე დაფუძნებულ ძალადობას, მშრომელთა უფლებებს და სხვ.

XS
SM
MD
LG