ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა კულებას, სატელეფონო საუბრის დროს, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა


სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, მათ შორის პოლონეთში გამართული შეხვედრის შედეგების თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინისათვის იმ დახმარებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ "არაპროვოცირებულ, უსამართლო და სასტიკ ომში" თავის დასაცავად და მაღალი შეფასება მისცა დიპლომატიაში ჩართულობისადმი უკრაინის ერთგულებას.

ბლინეკმა სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, პასუხს აგებინებს მათ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციას" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG