ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ევროპის კავშირს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ სწრაფვას თავისი გზით განახორციელებს


პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა, 1 აპრილს ევროპის კავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ პეკინი "თავისი გზით" მიიწევს მშვიდობისკენ, ხოლო პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ჩინეთთან მიმართებაში "დამოუკიდებლად" მოიქცევა, რითაც მინიშნება გააკეთა ევროპის მჭიდრო კავშირებზე შეერთებულ შტატებთან.

პეკინი თავს არიდებს რუსეთზე მკაცრ ზეწოლას, უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ. ჩინეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრის დროს თქვა, რომ ის უკრაინაში მშვიდობისკენ სწრაფვას თავისი პირობებით განახორციელებს.

ევროკავშირმა პეკინს, ლისა და სისთან ვირტუალური სამიტის დროს, განუცხადა, რომ მოსკოვს არ უნდა მისცეს საშუალება, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

"ჩვენ მოვუწოდეთ ჩინეთს, ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას. ჩინეთს არ შეუძლია დახუჭოს თვალი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მიშელმა თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ომი საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის წარმოებისთვის აღმოჩენილი ნებისმიერი მხარდაჭერა "ჩინეთის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა" ევროპაში.

ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე, აკრიტიკებს დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და იმეორებს ომის შესახებ რუსულ დეზინფორმაციას.

XS
SM
MD
LG