ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“შურისძიება “-  ყველაფერი, რაც მარიუპოლის შესახებ უნდა ვიცოდეთ


უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, რუსული არმია ამ დრომდე ვერ ახერხებს დიდი უკრაინული ქალაქების აღებას. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნიათ რომ რუსეთი ახლა უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

„რასაც ახლა მათი (რუსეთის) მხრიდან ნახავთ, იქნება უფრო მძიმე ძალის გამოყენება,“- ამბობს ანალიტიკოსი „ვესტ პოინტის” აკადემიიდან ოჰნ სპენსერი.

შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უკვე გამოიკვეთა. უფრო მეტად გახშირდა საჰაერო და საზენიტო თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება მარიუპოლშია.

სიცოცხლით სავსე მარიუპოლი ახლა „მოჩვენებების“ ქალაქს ჰგავს. ნაცრისფერ კვამლში გახვეულ ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის, „ცხედრები არის ყველგან, ქუჩებში სახლებსა და მანქანებში“ - ამბობენ ქალაქში მყოფი ჟურნალისტები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის 80-90 პროცენტი განადგურებულია.

მოკლე ინფორმაცია მარიუპოლის შესახებ

ქალაქი მე-18 საუკუნეში დაარსდა და მოგვიანებით გახდა მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლი ცნობილია ფოლადის და სხვა ლითონების წარმოებით. გარდა ამისა, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ის საპორტო ქალაქია. ომამდე მარიუპოლში ოფიციალური მონაცემებით, 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

„მარიუპოლს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. მიზანმიმართულად ხდებოდა ქალაქის დაცვა რუსული არმიისგან ბოლო 8 წლის განმავლობაში. მარიუპოლი ახლოს მდებარეობს რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან,“- ამბობს „ჩატამ ჰაუსის“ ანალიტიკოსი ორესია ლუტსევიჩი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

2014 -2022 წლების განმავლობაში მარიუპოლზე რუსული არმიის თავდასხმები ხშირი იყო. ქალაქი 2014 წელს რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კიდეც, თუმცა 2015 წელს რუსულ ჯარს უკან დახევა მოუწია. ქალაქის გათავისუფლებაში დიდი როლი შეიტანა „აზოვის ბატალიონმა“, რომელიც უცხოელი მოხალისე სამხედროებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ქართველებიც.

„მარიუპოლი აზოვის ბატალიონის მიერ კონტროლდებოდა, რომელსაც მაღალი საბრძოლო გამოცდილება აქვს. მათ გაათავისუფლეს ქალაქი 2015 წელს. პირადად მე მიმაჩნია, რომ (რუსეთის განახლებული თავდასხმა ) შურისძიებაა ამ ბატალიონის წინააღმდეგ. რადგან მათ დაიბრუნეს ქალაქი 2015 წელს. პუტინს სურს აჩვენოს, რომ შეუძლია უკან დაიბრუნოს ის, რაც მისი აზრით მისია,“- ამბობს ლუტსევიჩი.

მარიუპოლი - ომის საშინელებათა ქრონიკა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს კარნეგის ევროპის არარეზიდენტ უფროს ანალიტიკოსს ჯუდი დემპს. მისი აზრით განახლებული ომის მიზანია დააშოროს უკრაინა დასავლეთს და გაართულოს ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება.

„რისი გაკეთება სურს რუსეთს უკრაინის ამ ნაწილთან? ცხადია, ეს არის უკრაინის მთავრობის ყურადღების გაფანტვა. პუტინმა კარგად იცის, რომ ქვეყენა, რომელიც არ აკონტროლებს მთელ მის ტერიტორიას, რთულდება მისი დაახლოება ან გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში. ეს არის მთელი გათვლა. რაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს არის წარმატებული, დემოკრატიული, სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა, „- ამბობს დემპსი, კარნეგის ევროპის არარეზიდენტიუფროსი ანალიტიკოსი, სააგენტო "როიტერთან საუბრის დროს.

ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთი ტაქტიკას ცვლის და ძირითადი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებზე გადააქვს, როგორიცაა მარიუპოლი. თუმცა „ვესტ პოინტში” თანამედროვე ომის ინსტიტუტის“ ურბანული ომის კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, ოჰნ სპენსერი ამბობს, რომ ეს ასე არ არის.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ პუტინს სურს აიღოს კიევი, შეცვალოს ხელისუფლება, და დანიშნოს მისდამი მეგობრულად განწყობილი მთავრობა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ კიევი დაეცა, მას (პუტინს) არ აქვს უნარი, ძალა, ებრძოლოს ურბანულ კონტრ-აჯანყებულებს. ამის ძალა რუსეთს ნამდვილად არ აქვს,“- ამბობს სპენსერი.

მარიუპოლი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, თუ რუსული ჯარი მოახერხებს ქალაქის აღებას მაშინ რუსეთი სახმელეთო კავშირს დაამყარებს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან. ასევე, რუსული ჯარი მოახერხებს გაერთიანებას და კონცენტრაციას, რაც გაამარტივებს ახალი ოპერაციების დაწყებას, ამბობენ ანალიტიკოსები. ამ შემთხვევაში, კრემლი ასევე სრულად გააკონტროლებს აზოვის ზღვას.

„მაშინაც კი, თუ რუსები მოახერხებენ და დაიკავებენ მარიუპოლს, დააყენებენ იქ მარიონეტ მერს და სამხედრო ადმინისტრაციას, მათ მაინც მოუწევთ წინააღმდეგობებთან გამკლავება,“- ამბობს ანალიტიკოსი ლუტსევიჩი „ჩატამ ჰაუსიდან“.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ინტერვენცია განახლდა, რუსეთმა ერთხელ უკვე მოითხოვა მარიუპოლის ჩაბარება, თუმცა კიევმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ კაპიტულაციის გამოცხადებაზე უარი განაცხადეს.

სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქში ახლა ჰუმანიტარული კრიზისია. რუსული არმია ქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს.

“მარიუპოლში ვითარება რთულია, არ გვეძლევა შესაძლებლობა იქ ჰუმანიტარული დახმარება შევიტანოთ. მოგეხსენებათ, ათასობით ადამიანია იქ დარჩენილი წყლისა და საკვების გარეშე და მათ დახმარებას ვერ ვუწევთ,”- ამბობს “წითელი ჯვრის” პრეზიდენტი ფრანჩესკო როკა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სპეციალურად ხდება, რათა მოსახლეობაში პანიკა და უიმედობა გამოიწვიონ. რუსული არმიის ამ სტრატეგიას ხელს უწყობს ისიც, რომ რუსული ჯარი მარიუპოლელებს დასავლეთის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ხშირია ჰუმანიტარულ დერეფნებზე თავდასხმაც, რასაც კრემლი უარყოფს.

მაშინ, როცა მარიუპოლელები ევაკუაციას სხვა უკრაინულ ქალაქებში ვერ ახერხებენ, მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია რუსეთში ძალის გამოყენებით და მოტყუებით ხდება. ქალაქის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, 6 000-ზე მეტი უკრაინელი რუსეთში ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში არის გადაყვანილი, საიდანაც შემდეგ მათი გადანაწილება რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხდება.

რას ამბობს კიევი მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ქალაქი კი სრულად განადგურებულია. თავდაცვის მინისტრმა კი რუსეთის ქმედებები უკვე შეაფასა „გენოციდად“ და „ტერორიზმად“.

„რუსეთი ახორციელებს გენოციდის რეალურ აქტს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის წინააღმდეგ,“- ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს და მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას იცავენ. მეტიც, მოსკოვის მტკიცებით, მარიუპოლში საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებსა და ბაღებს „აზოვის ბატალიონის“ მებრძოლები ბომბავენ. ფაქტები კი სხვას მიუთითებს, საცხოვრებელი სახლები, სკოლებიც და ბავშვთა თავშესაფრებიც რუსულმა ავიაციის მიერ დაიბომბა.

დაბომბილ და გადამწვარ სახლებთან ერთად, მარიუპოლში გზებიც დანაღმულია. განადგურებულია აეროპორტი და მასზე ახლა კონტროლს რუსეთი ახორციელებს. ქალაქში არის უბნები, რომელსაც რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ, ადგილზე შესვლას მარიუპოლელები ვერ ახერხებენ და ვერც იქიდან იღებენ რაიმე ტიპის ინფორმაციას.

რატომ ხდება ეს მარიუპოლში?

„ცხადია, მარიუპოლი საკმაოდ შორს არის ძირითადი მარშრუტებისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სიმბოლური მიშვნელობა აქვს უკრაინისთვის. უკრაინელებისთვის ეს არის მაგალითი გაუტეხლობის. რუსებისთვის კი არის საშუალება მოახდინონ დემონსტრირება იმის, რომ ქალაქის ოკუპაციის ქვეშ მოქცევა და მისი კონტროლი შეუძლიათ,“ - ამბობს ლუტსევიჩი

რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

მიაღწია, თუ არა რუსეთმა საკუთარ მიზნებს?

„რუსეთს სჭირდება სწრაფად დაასრულოს ეს ომი, რისი იმედიც მე არ მაქვს. მათ სჭირდებათ სისწრაფე, რასაც ვერ ახერხებენ,“- ამბობს სპენსერი. მის პოზიციას იზიარებს ოლესია ლუტსევიჩი „ჩატამ ჰაუსიდან“. ის ამბობს, რომ რუსული ჯარი კიევის მისადგომებიდან უკან იხევს და დროთა განმავლობაში ისინი უფრო ცუდ ვითარებაში აღმოჩნებიან.

„ისინი კიევის მისადგომებს სრულად ვერ აკონტროლებენ. არის ადგილები, სადაც მათ უკან დახევა მოუწიათ. სავარაუდოდ რუსებს მოუწევთ უფრო უკან დაიხიონ არა მარტო კიევიდან, არამედ სხვა ტერიტორიებზეც. მათ მოუწევთ მაგისტრალები დატოვონ, რადგან იქ დაუცველები იქნებიან უკრაინული ავიაციის პირობებში. ამიტომ, დროის გასვლა უკრაინისთვის სასარგებლო ვითარებას ქმნის,“- ამბობს ოლესია ლუტსევიჩი.

უკრაინის ოფიციალური პირები თვლიან, რომ მაისში შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებები დასრულდეს, რადგან რუსეთის რესურსი იწურება. რუსეთი უკრაინაში მის ქმედებებს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, ის წარმატებულია. კრემლი ამ დრომდე არ საუბრობს როდის შეიძლება დასრულდეს აღნიშნული „სპეცოპერაცია“

მარიუპოლი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, თუ რუსული ჯარი მოახერხებს ქალაქის აღებას მაშინ რუსეთი სახმელეთო კავშირს დაამყარებს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან. ასევე, რუსული ჯარი მოახერხებს გაერთიანებას და კონცენტრაციას, რაც გაამარტივებს ახალი ოპერაციების დაწყებას, ამბობენ ანალიტიკოსები. ამ შემთხვევაში, კრემლი ასევე სრულად გააკონტროლებს აზოვის ზღვას.

XS
SM
MD
LG