ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომში უკრაინის 1 119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო


მარიუპოლი, უკრაინა
მარიუპოლი, უკრაინა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან, 1 119 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 790 კი დაიჭრა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს მონაცემებს 2022 წლის 24 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით. გაეროს განცხადებაში ნათქვამია რომ დაღუპულ ბავშვებს შორისაა 15 გოგონა და 32 ბიჭი, ასევე - სხვა 52 ბავშვი, რომელთა სქესი ცნობილი არ არის.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზოგიერთი რეგიონიდან, სადაც ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობას, ინფორმაციის სრულად მიწოდება ან გადამოწმება შეუძლებელია. ამიტომ, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ვარაუდობს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

ეს განსაკუთრებით ეხება ალყაში მოქცეულ მარიუპოლის სამხრეთ პორტს, ასევე ვოლნოვახას დონეცკის ოლქში, იზიუმს ხარკოვის რეგიონში, პოპასნასა და რუბიჟნეს ლუჰანსკის რეგიონში და ტროსტიანეცს სუმის რეგიონში, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა.

აღრიცხული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღით, რომელსაც აქვს ფართო დარტყმის არეალი. მათ შორისაა მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა და სარაკეტო, თუ საჰაერო თავდასხმები, განაცხადა გაერომ.

XS
SM
MD
LG