ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი პოლონეთსა და რუმინეთს სტუმრობს


კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთში გასამგზავრებლად ემზადება. 9 მარტი, 2022წ.
კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთში გასამგზავრებლად ემზადება. 9 მარტი, 2022წ.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გეზი ევროპისკენ აიღო. ის ვარშავასა და ბუქარესტს ესტუმრება და პოლონეთთან და რუმინეთთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის შემდგომ სტრატეგიაზე იმუშავებს. ჰარისი პოლონეთში უკრაინელ დევნილებსაც შეხვდება. დღეისთვის, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წევრი ქვეყნების შეშფოთება იზრდება. პოლონეთს და რუმინეთს უკრაინასთან საერთო საზღვრები აკავშირებთ, საიდანაც ევროპის კავშირში დევნილთა ნაკადი არ წყდება.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების ცნობით, ჰარისი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნატოს წევრმა ქვეყნებმა ფეხი აუწყონ მოსკოვზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. ვარშავას ასევე სტუმრობს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას პოლონეთში დაგეგმილ შეხვედრებში.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ჰარისი ასევე შეეცდება უკრაინაში გასაგზავნი პოლონური სამხედრო თვითმფრინავების საკითხის მოგვარებას. სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა პოლონეთის შეთავაზებაზე, რომ საბჭოთა პერიოდის ავიაგამანადგურებლები უკრაინას გერმანიაში მდებარე ამერიკული ავიაბაზებიდან მიაწოდოს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების მიწოდებაზე დიალოგი გაგრძელდება. რაც შეეხება თვითმფრინავების მიწოდებაზე დიალოგს, მის შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

XS
SM
MD
LG