ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია - უკრაინის ვიცე-პრემიერი


მარიუპოლი, 27 თებერვალი, 2022.

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთმა წითელი ჯვრის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის ორი ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, უკრაინულ ძალებთან, ევაკუაციის მარშრუტზე შეთანხმდა. მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, ქალაქ მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან უნდა განხორციელებულიყო.

„11:45 საათზე რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ვოლნოვახის დაბომბვა მძიმე იარაღით. მოგეხსენებათ, 5 მარტის დილის 9 საათიდან, ჩვენ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, რომ შევქმნიდით ორ ჰუმანიტარულ დერეფანს, ვოლნოვახასა და მარიუპოლში. მინდა დავადასტურო ფაქტი, რომ რუსეთმა დაარღვია წითელი ჯვრის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები, არ შეასრულა შეთანხმება და ბომბავს ვოლნოვახას. ამგვარად, მარიუპოლიდან (ზაპორიჟიის მიმართულებით), საევაკუაციო მარშრუტზე, ბრძოლები მიმდინარეობს, დასახლება პოლე ორლჰოვეში, რომელიც შეუძლებელს ხდის კოლონების მოძრაობას, მარიუპოლიდან და ზაპორიჟიიდან. ჩვენ მივმართავთ რუსულ მხარეს - შეწყვიტოს დაბომბვა, დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და დაუშვით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესაძლებლობა, რათა ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა შეძლონ ტერიტორიის დატოვება“ - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ, სროლა გრძელდება მარიუპოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც.

იმის შესახებ, რომ მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის დღეს დაგეგმილი ევაკუაცია ვერ დაიწყო, განცხადება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც გააკეთა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს მხარეებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სხვადასხვა ქალაქებიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოსვლის შესახებ“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

გაეროს სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხელახლა შეიჭრა, მინიმუმ 351 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 707 კი დაიჭრა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს დადასტურებული მონაცემებია, თუმცა მსხვერპლთა და დაშავებულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ „ბევრად მაღალია“

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის უმრავლესობა, ასაფეთქებელი იარაღით იყო გამოწვეული, რომელსაც ფართო დარტყმის არეალი აქვს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG