ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის საზღვრებზე დამატებით ძალებს აგზავნის


ამერიკული კომპანიის Maxar Technologies სატელიტური ფოტო
ამერიკული კომპანიის Maxar Technologies სატელიტური ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი ახლა კიდევ უფრო მეტ ჯარს უყრის თავს უკრაინის მახლობლად და შესაძლოა ქვეყანაში ნებისმიერ დროს შეიჭრეს. მისი თქმით, ეს შესაძლოა ამ თვეში, ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდეც კი მოხდეს.

"ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, როცა [რუსეთის მიერ, უკრაინაში] შეჭრა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ნათლად რომ ვთქვათ, ეს მოიცავს დროს ოლიმპიადის განმავლობაშიც“ - განაცხადა ავსტრალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თეებერვალს სრულდება.

მოსკოვი მიმდინარე კვირაში, ნატოსა და ევროკავშირისგან მის მოთხოვნებზე მიღებულ პასუხს, შეურაცხმყოფელს უწოდებს.

კერძო ამერიკული კომპანიის Maxar Technologies მიერ გამოქვეყნებული კომერციული სატელიტური სურათები, უკრაინის მახლობლად, რამდენიმე ადგილზე რუსეთის ახალ სამხედრო განლაგებას აჩვენებს.

ამ ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინაში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მისი თქმით, რუსული თავდასხმის შემთხვევაში, ის უკრაინაში ამერიკის მოქალაქეების გადასარჩენად ჯარს არ გააგზავნის.

„ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მოვლენები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე უკვე განლაგებული ჰყავს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, ის სამხედრო წვრთნებს ატარებს მეზობელ ბელარუსში და შავ ზღვაზე.

მოსკოვი, უკრაინაში შეჭრის შესახებ, რაიმე გეგმის ქონას უარყოფს. მაგრამ, ამბობს, რომ შესაძლოა დაუზუსტებელ „სამხედრო-ტექნიკურ“ ქმედებას მიმართოს, თუ არ დაკმაყოფილდება მთელი რიგი მოთხოვნები. მათ შორისა, ნატოს მიერ წერილობითი დადასტურება იმის, რომ უკრაინა არასდროს გახდება ალიანსის წევრი, ასევე საქართველოც. ამას გარდა, კრემლი ითხოვს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპიდან ძალები გაიყვანოს.

რუსეთმა „უსაფრთხოების მოთხოვნებზე“ ჯერ ვაშინგტონის, ახლა კი ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი პასუხი მიიღო. დასავლეთი აცხადებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება. ამასთან, კრიზისის საპასუხოდ, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.

რა ჩანს ახალ სატელიტურ ფოტოებზე?

კერძო ამერიკული კომპანიის მიერ გადაღებულ ფოტოებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

კომპანიის Maxar Technologies ფოტოების მიხედვით, რომელიც მათი განცხადებით, ოთხშაბათს არის გადაღებული, მოსკოვმა დასავლეთ რუსეთში ახალი ძალები განალაგა, ასევე ბელარუსსა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

კომპანია აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომზე, 550 ახალი სამხედრო კარავი და ასობით მანქანა დააფქსირა. ამასთან, უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, ბელარუსში, კომპანიის მტკიცებით, დამატებითი ჯარები, სამხედრო მანქანები და ვერტმფრენები ფიქსირდება.

მოსკოვი აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, თავისი ჯარები, საკუთარ ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გადაადგილოს და ისინი გარე საფრთხეს არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG